სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მშობიარობას უინძორის სასახლეში აპირებს. ამის შესახებ Daily Mail-ი მეგანის მეგობრებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, 37 წლის მეგანს, დედოფალ ელისაბედის მსგავსად, საკუთარ სახლში მშობიარობა აქვს გადაწყვეტილი. თუმცა ჰარი და მეგანი ჰოსპიტალში მშობიარობის ვარიანტს ბოლომდე არ გამორიცხავენ, ვინაიდან 35 წელს გადაცილებულ ასაკში მშობიარობა რისკთან არის დაკავშირებული და ჰერცოგინიას, შესაძლოა, საკეისრო კვეთა ან ეპიდურალური გაუტკივარება დასჭირდეს.
მეგანის მეგობრების მტკიცებით, იოგას დახმარებით ჰერცოგინია ძალიან კარგად გრძნობს თავს და ვერ ხედავს ვერც ერთ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა შეძლოს საკუთარ სახლში მშობიარობას.
"მეგანმა ასე გადაწყვიტა, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში", - აცხადებს მეგანის მეგობარი.
ამასთან, როგორც გამოცემის წყაროები აცხადებენ, ჰოსპიტალში მშობიარობაზე უარის თქმით მეგანს ბავშვის გაჩენის შემდეგ საზოგადოებისა და ჟურნალისტების მხრიდან ზედმეტი ყურადღების თავიდან არიდება სურს.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში მდებარე ახალ რეზიდენციაში საცხოვრებლად რამდენიმე დღის წინ გადავიდნენ.
სავარაუდოდ, ჰარისა და მეგანის პირველი შვილი სამყაროს მიმდინარე თვეში უნდა მოევლინოს. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბავშვის სქესს არ ამხელენ.