შაკო გველესიანის ცხოვრება 2018 წლის 18 ივნისს რადიკალურად შეიცვალა. 4 დღე მან 8 მეტრი სიღრმის ორმოში გაატარა. როდესაც ოჯახის წევრებმა და პოლიციამ მიაკვლიეს, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის 4 დღის განმავლობაში და როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა, ამის შესახებ გველესიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ისაუბრა:
"მოხდა ასეთი რაღაც, საღამო იყო და ბელიაშვილის ქუჩიდან საპირისპირო ქუჩაზე გადასვლა მომიწია, გზაში მოხდა ისე, რომ მიწა ჩამენგრა და ორმოში ჩავიჩეხე. სიბნელე იყო, აზრზე რომ მოვედი, აღმოჩნდა, რომ წელამდე წყალში ვიყავი, შლამმა დამიწყო ჩათრევა. ტელეფონი წყალში ჩამივარდა. ძებნას აზრიც არ ჰქონდა. პირველი, რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ამოსვლაზე უნდა მეზრუნა. ამასობაში ვგრძნობ, რომ შლამში ვეფლობი. მოპირდაპირე მხარეს მშრალ მიწას დავაჭირე ფეხი, რა დროს მიწა მოწყდა და წელამდე ჩამხერგა. დავიწყე ყვირილი, სტვენა, მაგრამ უშედეგოდ.
ვიფიქრე, დილამდე დავიცდი და მიპოვიანთქო. გათენდა, ისევ დავიწყე ყვირილი, სტვენა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. დავიწყე მიწის თხრა, მაგრამ ეს დაშლამული მიწა იყო და აზრი არ ჰქონდა. საღამოს უკვე სიცივემ ამიტანა, მივხვდი, რომ სიცხე მქონდა. ფეხები გამიბუჟდა, წელსქვემოთ ვეღარაფერს ვგრძნობდი. წყალი მწყუროდა საშინლად, მაგრამ ბინძურ წყალში ვიყავი და მისი დალევა არც მიფიქრია. თუმცა უწყლობისგან გონებას ვკარგავდი. ამიტომ გუბიდან ხელით წყალი ამოვიღე, დავაცადე, რომ დაფილტრულიყო და მოვსვი.
დამიჯერეთ, ცხოვრებაში ასეთი გემრიელი წყალი არ დამილევია. ჩავყავი თავი გუბეში და ბინძური წყლით სული მოვითქვი. როგორც შემდეგ ექიმებისგან გავარკვიე, სწორედ მაგ წყალმა შემინარჩუნა სიცოცხლე. 4 დღის განმავლობაში ვიწვალე, მაგრამ უშედეგოდ. უკვე გათიშული ვიყავი, მეოთხე დღეს ჰალუცინაციები და აგონია დამეწყო. სიკვდილისკენ მივდიოდი და საკუთარმა ძმამ ბეწვზე მომისწრო" - ამბობს შაკო გველესიანი.