“ითხოვენ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის”

“ითხოვენ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის”

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში და “მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ილუზიები”  – აღნიშნულის შესახებ “POSTV”- ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“არაფერი ისე თვალსაჩინოდ არ წარმოაჩენს ადამიანის კალიბრს, როგორც მისი გაცხადებული სურვილები. მაგალითისთვის, შურა ბალაგანოვს სრული ბედნიერებისთვის ექვსი ათას ოთხასი რუბლი ჰყოფნიდა. გემახსოვრებათ, 2015 წლის თებერვალში სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა; მერმე იყო ამბები და ახლა, ოთხი წლის თავზე, მისი მრევლი კვლავ აღივსო იმედით, რომ თუ უკრაინელები ზელენსკის პრეზიდენტად აირჩევენ, ისიც რამედ დანიშნავს მიშასო… ითხოვენ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის; პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება უსწავლიათ, ოღონდ მართლა…“, – წერს ნაცვლიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ეგზიტპოლის მონაცემებით, 31 მარტს გამართულ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი ვოლოდიმირ ზელინსკი ლიდერობს.

თითქმის 13 პროცენტიანი უპირატესობით, მეორე ტურში ის პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება.

მესამე ადგილზე გასული საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა. იულია ტიმოშენკო ამბობს, ისინი ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებენ და შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას პირველ აპრილს აღარ გეგმავს. ტელეკომპანია „მაქსი ტივის“ ეთერში საუბრისას, სააკაშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის გადასვლის გამო, უკრაინაში მისი შეშვების აკრძალვის საკითხი კვლავ აქტუალურია.

“მოხარული ვიქნებოდი, რომ მეორე ტურში, პოროშენკოს ნაცვლად, ტიმოშენკო გასულიყო. მაშინ მე თვითმფრინავში ჩავჯდები და ჩამოვალ. თუ პოროშენკო დარჩება, მისი ბრძანება შესრულდება“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას იმედი ჰქონდა, რომ მეორე ტურში პეტრო პოროშენკო ვერ გადავიდოდა და უკრაინაში პირველ აპრილს დაბრუნდებოდა.

31 მარტს ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოსწონს.

ცნობისთვის, თავის დროზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი გახლდათ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან 35 კაცი და 4 ქალია.