„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ადამიანმა საკითხი თუ არ იცის, ენაზე ან კალამზე კბილ-ხელის დაჭერა მაინც უნდა იცოდეს. აი, იძულებული გავხდი ოპონენტებისათვის მეტრონომის საიტზე ასეთი პასუხი გამეცა.. უზრდელობები თქვენს სინდისზე იყოს, რომ აგიჩემებიათ რეიგანის მსახიობობა, აზრზე არ ხართ ხურმა რა ხილია. რეიგანი რუზველტის საარჩევნო შტაბებში მღვაწეობდა 40-იანი წლებიდან, მერე იყო რესპუბლიკელთა თვალსაჩინო სახე, კალიფორნიის ორგზის გუბერნატორი. ის ეპიზოდური როლები მის მსახიობობას არ ნიშნავს. ტრამპი ოლიგარქი კი არა, ჯერ ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მწერალი და იურისტია, თანაც ამერიკული ბიზნესის თვალსაჩინო სახეა, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტი არ მოუპარავს განსხვავებით თქვენი პატრონებისგან, ხოლო პრეზიდენტობის დროს, ოქროს საბადო კი არ მიიტაცა, ცენტიც ვერ იშოვა, ისეთი ჯოჯოხეთი მოუწყო ოპოზიციამ. შვარცნეგერი პრეზიდენტობას არ გამოკიდებია, ხოლო კალიფორნიის გუბერნატორის რანგში ყველაზე უსახო ხელმძღვანელი გამოდგა ისტორიაში. იმდენს თუ ვერ ხვდებით, რომ ვლადიმირ ზელენსკი ოლიგარქ კოლომოისკის მონაა და მისი მილიარდებით გაათრიეს, მართლა ცუდად ყოფილა თქვენი საქმე, ხოლო ისიც თუ არ იცით, რომ კოლომოისკი პუტინის კუდია, მაშინ საერთოდ დაქცეულხართ. მოკლედ, თქვენისთანებთან კამათი იგივეა, რომ ვირს საკურთხეველი დაადგა“ – წერს ნათელაშვილი.