"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა საოლქო-საარჩევნო კომისიებთან არიან შეკრებილნი, აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"ქალაქში არ წყდება ყოფილი ოპოზიციის და ჩვენი მხარდამჭერების გამოსვლები. დღეს ჩვენ ოპოზიციაში აღარ ვართ, ხელისუფლებას წარმოვადგენთ და, როგორც წესი, ოპოზიცია გამოდის ქუჩებში აქციით. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ, გადავინაცვლოთ შენობებში, სასამართლოში, პარლამენტში და ყველა გაუგებრობა იქ გადავწყვიტოთ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იმ გმირობისა და ვაჟკაცობის შემდეგ, რაც არჩევნებზე აჩვენა, ხელისუფლებაში "ლამაზად გადასვლა უნდა მოახერხოს". "ღელავს ევროპა, ღელავს ამერიკა. ამიტომაც ჩვენ აღარ გვეკადრება ქუჩის აქციები იმ გმირობის შემდეგ, რაც ჩვენ ჩავიდინეთ. ჩვენ უკვე ხელისუფლებაში ვართ და მაქსიმუმ თვის ბოლომდე სჭირდება დრო, რომ ტექნიკური პროცედურები დასრულდეს და ხელისუფლება ოფიციალურად გადავიფორმოთ. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ახალ მთავრობას" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.