“ტაბულა” -ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზეა საუბარი.
საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას, სადაც ის მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს.
“მშვენიერი ამბავია – ამას ვიძახდით ორი წლის წინ, მოღალატეებად რომ შეგვრაცხა და პარტია დაშალა.
ახლა ენმ-ისგან ნომრის გარდა აღარაფერია დარჩენილი, სააკაშვილის მთავარი პარტიული საყრდენი – “რუსთავი ორია”. ამიტომ იოლად დათმო. მაგრამ, თუ “რუსთავი ორის” სარედაქციო პოლიტიკასაც დაეტყობა სააკაშვილის ჩაწევა – მხოლოდ მივესალმები (სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ მაინც). აი, ეს ნამდვილად გააძლიერებს ოპოზიციურ ფლანგს.
P.S. ძალისხმევას დაგიზოგავთ და აქვე დავურთავ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებზე.
მთავარი მედიების პარტიულმა მიკერძოებამ ამომრჩეველს არ მისცა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა – შავით თეთრზე წერია.
ასე რომ ეუთოს ეკამათეთ.
According to the same report “the sharp polarization of the private media, negative campaigning and harsh rhetoric, and lack of analytical reporting limited voters’ ability to make a fully informed choice”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა. “ენმ”-ს ლიდერმა პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. იქვე დასძენს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.
სააკაშვილის განცხადებით, პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის ამ აპლიკაციას და პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე ხმის ელექტრონულად მიცემა შეეძლება.
მისივე თქმით, ამ მეთოდით ისინი ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროცესსა და გადაწყვეტილებაში.