მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით 25 წელია ვსაუბრობ, აქედან დაახლოებით 16 წელია, პოზიტიური არაფერი მითქვამს. გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკშვილის დღევანდელ განცხადებას უკავშირდებოდა.
მისივე თქმით,ყველა საკითხი მაშინ მოგვარდება, როცა მართვის სადავეებთან კომპეტენტური ადამიანები იქნებიან და მტრის ხატის ძებნას ყველამ თავი უნდა დაანებოს.
„გამოგიტყდებით, დილას არ ვიწყებ სააკაშვილის განცხადებების შესწავლით, გავეცნობი და გეტყვით. თუმცა, თუ პარტიაზეა საუბარი, ყველა პარტია თავად უნდა წყვეტდეს ამ საკითხებს და სხვა პარტიებმა უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომელსაც ესა თუ ის პარტია გადაწყვეტს საკუთარ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.
ქვეყანა მაშინ დალაგდება, როდესაც ყველა პარტიას ექნება საშუალება, ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი არჩევით ორგანოებში. ასე რომ, ეს საკითხი ხალხს მივანდოთ. უნდა დავანებოთ თავი მტრის ხატების ძებნას, ძველების თუ ახლების. არ უნდა გვეგონოს, თუ ვინმეს გაუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ ვინმეს არ მოვუშვებთ, ამით საქმე მოგვარდება. საქმე მაშინ მოგვარდება, როდესაც კარგი ხალხი, კომპეტენტური ადამიანები იქნებიან მართვის სადავეებთან. ამიტომ პოლიტიკური ხედვაა შესატრიალებელი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მიხელ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა საქართველოში შემოსვლის საშუალება, რაც პარტიულ საქმიანობისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორია. მან ასევე თქვა, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა “გაერთიანებული ოპოზციის” ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა, სააკაშვილი იქვე დასძენს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.