“მინდა დავურეკო… მისი მორიგი გამოხტომა მგონია… ბევრჯერ მაგრად გვიჩხუბია… ამჯერად, შერიგება აღარ გამოგვივა”

“მინდა დავურეკო… მისი მორიგი გამოხტომა მგონია… ბევრჯერ მაგრად გვიჩხუბია… ამჯერად, შერიგება აღარ გამოგვივა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი მეგობრისა და კოლეგის ნიკა რურუას შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

ნიკა რურუას დღეს 51 წელი შეუსრულდებოდა.

“დღეს ნიკა რურუას დაბადების დღეა. ის იყო ზოგჯერ ძალიან უხეში და ბევრჯერ მაგრად გვიჩხუბია… და შემდეგ ყოველთვის ვრიგდებოდით იმიტომ, რომ ნიკას გარეშე არსებობა, მაინც ვერ წარმომედგინა და ყველაფერს რაც არ მომწონდა ვივიწყებდი… ვერ წარმომედგინა იმიტომ, რომ ის იყო სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის ზუსტი საზომი და ახალი იდეების უშრეტი წყარო. მისი სიკვდილიც ხანდახან მისი მორიგი გამოხტომა მგონია და მინდა დავურეკო, კარგი მოდი, დავივიწყოთ და ხვალ შემომიარეთქო… ამჯერად, შერიგება აღარ გამოგვივა. უბრალოდ მისმა გარდაცვალებამ ის მასწავლა,რომ დრო ძალიან ცოტაა და მისი გაფლანგვის ფუფუნება არავის გვაქვს. საქართველო უკვე მეშვიდე წელს ფლანგავს ფუჭად…“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნიკა რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“პარლამენტის წევრობისას ნიკა რურუა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე იყო. 2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა.

ნიკა რურუა იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც.