"დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ, მადლობა მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს"

თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე კანონის მოთხოვნებს ასრულებს - დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მისვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

„უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, რომ თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე კანონის მოთხოვნებს ასრულებს. დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას ლაპარაკის უფლება აქვს, დიდი მადლობა, რომ კითხვების დასმის საშუალებას გვაძლევთ. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ვერ გავიგე, ეს რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ. „ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება. ეს დითირამბები არის პოლიტიკურად სამარცხვინო, ისევე როგორც პოლიტიკური უტიფრობაა, თქვენგან რაღაცის ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით", - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა კობა გვენეტაძის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა კომიტეტის სხდომაზე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა.