საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენერგეტიკოს რევაზ არველაძის განცხადებით, იგი გასულ წელს მთავრობის წარმომადგენლებს ესაუბრა იმის თაობაზე, რომ საქართველოს დელეგაცია სათანადოდ მომზადებული შეხვედროდა „გაზპრომის" ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
„ახლაც მქონდა საუბარი, სანამ დეკემბერი მოვიდოდა, რომ კარგია, დროულად მოემზადონ და ისე შეხვდნენ „გაზპრომის წარმომადგენლებს". მილერი, მოადგილეებიც და დეპარტამენტებიც, რომ იტყვიან ხოლმე, მგლები არიან და აქედანაც მგელი თუ არ წავიდა, იმას ვერაფრით მოუგებ მსჯელობაში, არგუმენტებში და ა.შ. არ ვიცი, საბოლოოდ გადაწყვეტილი რა არის, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ის გატარების საფასური ორი მდგენელისგან უნდა შედგებოდეს. პირველი მდგენელი ის უნდა იყოს, რომ ამ გაზსადენის საექსპლოატაციო ხარჯები მთლიანად თავის თავზე უნდა აიღოს „გაზპრომმა", რადგან ეს მილსადენი პრაქტიკულად მხოლოდ, სომხეთისთვის გაზის მისაწოდებლად არის და ყაზბეგის რაიონში, რაც მოხმარებაა, ის არის მიზერული. მეორე მდგენელი უნდა იყოს გატარების საფასური, რომ ვაძლევთ უფლებას, ჩვენს მილში გაატარონ გაზი", - მიიჩნევს რევაზ არველაძე.
შეგახსენებთ, რომ „გაზპრომსა" და საქართველოს მთავრობას შორის რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობებზე ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტს ვადა გასული წლის ბოლოს გაუვიდა.