გეგეშიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მას ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა. იმდენი ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ სიმართლე თქვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილმა სასამართლოში დაკითხვამდე განუცხადა.
ის დღეს ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას.
"გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც ამ ყველაფერს უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. შევხედოთ, აბა, როგორ აპირებს თანამშრომლობას. მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს. ჩემი სიმართლეა ის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა. ეს არის ჩემი სიმართლე და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
მე არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს და ვიცი, რომ გადააყენებენ. არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს და ვნახოთ", - განაცხადა დათუნაშვილმა.
დღეს სასამართლოში დაჰკითხავენ კიდევ ერთ პირს, მარიამ კევლიშვილს, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ კი განაცხადა, რომ ადასტურებს შეხლა-შემოხლას, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
მე არავისთვის არ ჩამირტყამს, არც ჯაჭვი და არც ხელკეტი, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გეგა გეგეშიძის თქმით, ის ადასტურებს, რომ იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
"ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. ზოგადად, ჩემთვის გაუგებარია, ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის - ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ დავჭერი. ასე რომ, ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ, რა მოხდა. მე პირდაპირ ვამბობ, არც არავისთვის ჩამირტყამს რამე, არც ჯაჭვი, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ჩვეულებრივ მივცემ ჩვენებას. რაც შეეხება ჩემი თანამდებობის დატოვებას, ეს არც განიხილება", - განუცხადა გეგა გეგეშიძემ "იმედს".
ასეთი ფაქტები მიუღებელია - ასე გამოეხმაურა სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რის შემდეგაც სამინისტრო იმოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
"ასეთი ფაქტები მიუღებელია. ეს არა მარტო ჩრდილს აყენებს ამ კონკრეტულ ფედერაციას, არამედ ზოგადად, ქართულ სპორტს. გასულ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველოდებით და ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება, იმის მიხედვით, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა პოზიცია გვაქვს ერთი - სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ რიგში, უნდა იყოს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ სპორტსმენი მშვიდ ვითარებაში ვარჯიშობდეს და ორიენტირებული იყოს შედეგზე", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
თბილისის მერი კახა კალაძე კი ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ დაპირისპირებას "ამაზრზენ ფაქტს" უწოდებს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ფაქტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს. ყველა ნორმალურად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის როგორ უნდა იყოს მისაღები და დადებითი, რაც მოხდა?! ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ სატელევიზიო ეთერში ვიხილეთ. მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - განაცხადა კალაძემ.