ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სასამართლოში დღეს დაკითხავენ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს სასამართლოში დღეს დაკითხავენ

ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის ფაქტზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაკითხავენ.

გეგეშიძე ჩემპიონატზე შეხლა-შემოხლას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მას რაიმე საგნის გამოყენებით დაზიანება არავისთვის მიუყენებია. ამასთან, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გამორიცხავს, რომ მან დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.