ყაზახურმა გამოცემა SPORTINFORM-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ორდაბასი" ქართველ მწვრთნელს, კახაბერ ცხადაძეს გაათავისუფლებს და მის ადგილს ყაზახეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი სტანიმირ სტოილოვი დაიკავებს.
გამოცემის მტკიცებით, სტოილოვს საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება სურს და "ორდაბასში" ცხადაძეს შეცვლის, რომელსაც კლუბი უახლოეს მომავალში დაემშვიდობება, კონტრაქტი კი სტოილოვსა და "ორდაბასს" შორის შესაძლოა თვის ბოლომდე გაფორმდეს.
ამ ინფორმაციას "ორდაბასი" გამოეხმაურა და ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
კლუბის პრესსამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაცია და აღნიშნავს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიცია უცვლელია და ხელმძღვანელობა სრულად ენდობა კახაბერ ჯუმბეროვიჩს.
"კახაბერ ცხადაძე აგრძელებს სამუშაოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ჩვენ ბოლომდე დარწმუნებულები ვართ მის მუშაობაში. ის გააგრძელებს გუნდის მომზადებას ახალი სეზონისთვის", - განაცხადა "ორდაბასის" პრეზიდენტმა ნურჟან კატაევმა.