18 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან. ეს ამ ორი ჩოგბურთელის პირველი შეხვედრა იქნება.
სტეფანოს ციციპასმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ეტაპზე, რეიტინგში 54-ე ნომერ იტალიელ მატეო ბერეტინის სძლია, შემდეგ მე-200 პოზიციაზე მყოფი სერბი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა.
სტეფანოსი 20 წლის ბერძენი ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. ის არათუ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს საჩოგბურთო ტალანტად ითვლება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ახალგაზრდებში რეიტინგის პირველი ნომერი იყო. ის, ამავდროულად, პირველი ნომერია საბერძნეთში და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის პირველი ბერძენი კაცი ჩოგბურთელია, რომელიც ტოპ 100-ში შევიდა.
მისი პირადი მწვრთნელი მამამისი აპოსტოლოს ციციპასია, რომლის დამსახურებაცაა, რომ ის ჩოგბურთელი გახდა. სხვა შემთხვევაში ის შეიძლება ფეხბურთელი ყოფილიყო, რადგან მისი ბაბუა საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა და ოლიმპიური მედლის მფლობელი სერგეი სალნიკოვია და როგორც ციციპასი არაერთ ინტერვიუში ჰყვება, თავიდან მის მიყვანას ფეხბურთზე აპირებდნენ.
სტეფანოსმა კარიერის განმავლობაში 2 952 113 დოლარი გამოიმუშავა, მეთხუთმეტე პოზიციას კი 2018 წლის აგვისტოდან იკავებს. პროფესიული კარიერის განმავლობაში მას 51 შეხვედრა აქვს მოგებული და 38-ში არის დამარცხებული. კარიერის განმავლობაში სამჯერ არის AთP-ის ტურნირის ფინალში გასული, წინა წელს პირველ ორ შემთხვევაში ბარსელონასა და კანადის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა, თუმცა ორივე რაფაელ ნადალთან დათმო. მაგრამ ამავდროულად, 2018 წელსვე სტოკჰოლმის ღია პირველობა მოიგო, მან ფინალში ერნესტს გულბისს სძლია.
აღსანიშნავია, რომ ბერძენს ტოპ 10-ში მყოფ ჩოგბურთლებთან 7-ჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული, მათ შორის - ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ალექსანდრე ზვერევთან და კევინ ანდერსონთან.
2018 წელს მისმა კარიერამ პიკს მიაღწია. შესაბამისად, ის წლის ყველაზე განვითარებად ჩოგბურთის მოთამაშედ დასახელდა. რაც შეეხება მის ფავორიტ სათამაშო ასპარეზს, როგორც ის ამბობს, ეს ბალახია და საყვარელი ტურნირი კი უიმბლდონია.
წელს აქამდე ის სიდნეის პირველობაზე გამოვიდა, მოიგო 1/16-ფინალი მე-80 ნომერ არგენტინელ გუიდო ანდრეოზისთან და 1/8-ფინალი წააგო ჩოგბურთის 37-ე ნომერ იტალიელ ანდრეას სეპისთან.
დაბოლოს, წინა წელი ბასილაშვილისთვისაც და ციციპასისთვისაც გამორჩეული გამოდგა, თუმცა ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად სტეფანოსს ასახელებენ. ფაქტია, ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში ერთ-ერთი რთული შეხვედრა ელის.