2019 წელი, ქართული სპორტი მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატში მომხდარი სკანდალით დაიწყო - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფინალში (87 კგ) რობერტ კობლიაშვილისა და ზურაბ დათუნაშვილის შეხვედრა ჩაიშალა და ის მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.
გუშინ ამ ამბავს თავად დათუნაშვილი გამოეხმაურა, რომელსაც ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მისცეს, საქართველოს ჩემპიონად კი კობლიაშვილი გამოაცხადეს.
დათუნაშვილი ამბობს, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს თავად მეტოქესთან (კობლიაშვილს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია), ხოლო პრობლემის სათავე ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობაა. მისი თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელობა ამ ჯგუფს არასასურველი მოჭიდავეების ჩამოცილებისთვის იყენებს. მოჭიდავე ამტკიცებს, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ორჯერ ჩარტყმას რკინის ბლაგვი საგანი. ის ფედერაციას კორუფციაშიც ადანაშაულებს.
ის ასევე ადანაშაულებს გეგეშიძის ძმას „კორცხელის ინციდენტში“ „გამორჩეულ“ ვლადიმერ გეგეშიძეს. მოჭიდავე სხვებს მოუწოდებს, ხმა აიმაღლონ და იბრძოლონ „დიქტატურის“ წინააღმდეგ. წერილი ძალზე ვრცელია, ამიტომ მხოლოდ მცირე ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ:
ზურაბ დათუნაშვილის ფეისბუქის გვერდიდან:
„ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემს უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოჰყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა, როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში, დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება“.
„ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი. მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, უფრო მეტიც, ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს“.
„ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს, შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე, რითაც შემდეგ პრემიალური თანხების „წილში უჯდებიან“ მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს“.
„ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული, პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე“.
„გასულ ზაფხულსაც ჩემი სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი არასამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ, სულ სხვა წონაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ის, ვინც არსებული წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე“.
„მინდა, ნაკრების წევრებს, რომლებიც გასულ ზაფხულსაც და ახლაც დამიდგნენ გვერდში და მიცხადებდნენ მხარდაჭერას, მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს ფედერაციაშია, არ მოსწონს არავის და მინდა ყველას ვთხოვო, არ შეეშინდეთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის.
ასევე მინდა მივმართო იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ართმევენ თავიანთ გაზრდილ მოსწავლეებს და სხვა მხრივაც ბევრი კუთხით ავიწროებენ ისაუბრონ ამ თემაზე“.
„მინდა ზემდგომ ორგანოებს - სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის დეპარტამენტს ვთხოვო, დაინტერესდნენ ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებით და გაერკვნენ სიტუაციაში დეტალურად“.
„პრობლემებზე საუბარი არაა სირცხვილი. სირცხვილი არის უსამართლობასთან შეგუება“.
„ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწოდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენს სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატურული მეთოდებით მართავს მას“.