საავადმყოფოდან გამოსული ტოჩინოშინი: მტკივა, ფეხს ვერ ვეყრდნობი... ჰაცუ ბაშო დასრულდა

საავადმყოფოდან გამოსული ტოჩინოშინი: მტკივა, ფეხს ვერ ვეყრდნობი... ჰაცუ ბაშო დასრულდა

იანვრის ბაშოს წინ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც ეჭვქვეშ დადგა მისი ჰაცუ ბაშოზე გასვლის საკითხი, თუმცა მან მანიც გადაწყვიტა ბოლომდე ებრძოლა და დოჰიოზე ოთხჯერ გამოვიდა.

ოთხივე შემთხვევაში იგრძნობოდა, რომ მას ფეხზე დაყრდნობა უჭირდა, მეტოქეები კი მიძალებით ცდილობდნენ მისი დოჰიოს გარეთ გაყვანას.

მეოთხე ბრძოლის შემდეგ იგი ექიმებს კიდევ ერთხელ გაესინჯა და საავადმყოფოდან გამოსულმა ჟურნალისტებს უთხრა:

- ფეხი ცუდ მდგომარეობაშია, ბაშოს გაგრძელებას ვერ შევძლებ. ბრძოლისას მტკიოდა და დაყრდნობა მიჭირდა. ტრავმა უნდა მოვიშუშო და მარტის ბაშოს სრულყოფილად მომზადებული შევხვდე.

სწორედ მარტის ბაში იქნება გადამწყვეტი შეინარჩუნებს თუ არა ლევანი ოძეკის ტიტულს. თუმცა, როდესაც არაფერი აწუხებს, მისთვის დადებითი ბალანსის დაფიქსირება და იმპერატორის თასისთვის ბრძოლა ნამდვილად რეალურია.