ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი 2019 წლის პირველ სუპერტურნირზე წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს. ტრავმირებულ ტოჩინოშინს სრული დატვირთვით გარჯა უჭირს, ჰაცუ ბაშოზე მიჯრით მე-4 ორთაბრძოლა წააგო და გამორიცხული არაა, შეჯიბრიდან მოხსნის გადაწყვეტილებაც მიიღოს.
დღეს, დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დასავლეთის სეკივაკე ტამავაშის გაეჯიბრა და 34 წლის მონღოლთან ოშიდაშით წააგო, არადა, ის აქამდე 16-ჯერ ჰყავდა დამარცხებული. თუკი მანამდე არაფერი შეიცვალა, ტოჩინოშინი ხვალ დასავლეთის მე-3 მაეგაშირა შოჰოძანს გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 14:6-ს უგებს.
საინტერესოა, რომ ტოჩინოშინის დარად, ოთხივე გასული შეხვედრა აქვს წაგებული ოძეკი გოეიდოს, ფავორიტებიდან კი ქულათა მაქსიმუმი მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰოს აქვს.
ამასობაში, პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა იოკოძუნა კისენოსატომ. 72-ე დიდმა ჩემპიონმა ვერაფრით დაიბრუნა ის ფორმა, რომელმაც იერარქიის უმაღლეს დონეზე აიყვანა.
2017 წლის მარტში კისენოსატომ “იმპერატორის თასი” მეორედ მოიგო, მას შემდეგ კი, ტრავმებმა გატანჯეს და ჯამში მხოლოდ 23 მოგება იზეიმა.
გასული წლის ნოემბერში 32 წლის სეკიტორი კიუშიუ ბაშოზე 4-ჯერ დამარცხდა და ტურნირიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
2019 წლის პირველ სუპერტურნირზე იოკოძუნამ ზედიზედ 3 მარცხი განიცადა და რიკიშის კარიერის დასრულება არჩია.
იუტაკა ჰაგივარა პროფესიულ სუმოში რჩება და არაისოს მეტსახელით ტაგონოურას სკოლაში უმცროს მწვრთნელ-აღმზრდელად იმუშავებს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ისევ თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 წაგება) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველი გოლიათი, რომელიც მე-14 განთესვით ირჯება, დღეს, მე-11 ნომერ ცურუგიშოსთან იორიკირით დამარცხდა. ხვალ, გაგამარუ მე-12 რეიტინგის მქონე ტაკეკაძეს გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 15:6-ს ამარცხებს.