ჩხუბი, სისხლი და სკანდალი სპორტის სასახლეში [ვრცელი ანალიზი]

ჩხუბი, სისხლი და სკანდალი სპორტის სასახლეში [ვრცელი ანალიზი]

სპორტის სასახლე ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობაში, რომელიც მთლიანად გადაფარა მეორე დღეს - პარასკევს მომხდარმა წარმოუდგენელმა მასობრივმა ჩხუბმა.

რომ არა ეს სამწუხარო ეპიზოდი, მშვენიერი ჩემპიონატი გამოვიდოდა - ორგანიზაციულადაც, წმინდა სპორტული კუთხითაც, რადგან ტურნირში ქვეყნის თითქმის ყველა უძლიერესი ფალავანი გამოდიოდა, ხოლო რამდენიმე მათგანი სულაც მსოფლიოს დონის მოჭიდავეა და მაყურებლისთვის რა უნდა ყოფილიყო ამაზე უკეთესი სანახაობა, რომ არა ის ჩხუბი.

ფედერაციას ჩემპიონატის უკეთ ჩასატარებლად 6 უცხოელი არბიტრი ჰყავდა მოწვეული - 3-3 სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ექვსივე უმაღლესი, ოლიმპიური კატეგორიისა, თუმცა, ბედის ირონიით, სწორედ ისინი მსაჯობდნენ საკამათო პაექრობას და, დიდწილად, მათმა გადაწყვეტილებებმაც გამოიწვია ის ვაკხანალია.

ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი წვეთი კუპრი მთელ კასრ თაფლს აფუჭებს, თუმცა მცირეოდენი პაუზებით და განახლებად რეჟიმში, რამდენიმე ფაზად მიმდინარე ეს ჩხუბი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ერთი წვეთი კი არა, მთელი ოკეანეა.

არეულობა პარასკევს, დღის ბოლო შეხვედრაში მოხდა, ბერძენ-რომაელთა ტურნირზე, 87 კილოგრამის ფინალში, სადაც ერთმანეთს ორი ტიტულოვანი ფალავანი ხვდებოდა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი რობერტ კობლიაშვილი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.

კობლიაშვილი თავიდან დაწინაურდა მეტოქის პასიურობის გამო. მოგვიანებით იმავე მიზეზით ქულა უკვე დათუნაშვილმა მიიღო და ანგარიშიც გათანაბრდა, რაც მას აძლევდა ხელს -  ბოლო ქულით იგებდა ფინალს, თუმცა მსაჯებმა მოგვიანებით კობლიაშვილს კიდევ ერთი ქულა მისცეს და 2:1 დაწინაურდა. ოღონდ უკმაყოფილება არა ამ ეპიზოდს, არამედ მომდევნოს მოჰყვა, როცა მსაჯებმა დათუნაშვილის შეტევისას შეხვედრა გააჩერეს... ამ დროს საფინალო სირენამდე 20-ოდე წამი რჩებოდა - საბედისწერო 20 წამი! თუმცა ამას წინ უსწრებდა ერთი საგულისხმო ეპიზოდი, როცა ორმა არბიტრმა ქულა დათუნაშვილს მისცა, მაგრამ მაგიდის მსაჯმა გააუქმა! მანამდეც იყო შემთხვევა, როცა არბიტრებმა (ლეიბის მსაჯი სომეხი იყო, დანარჩენი ორი - აზერბაიჯანელი) შეხვედრა გააჩერეს და კობლიაშვილს პასიურობისთვის შემჩნევა მისცეს, თუმცა უკმაყოფილება მაინც ბოლო ეპიზოდის შემდეგ დაიწყო, როცა ტრიბუნებიდან დაწყებულმა კამათმა თანდათან ჯერ ხალიჩაზე, მერე მსაჯთა მაგიდასთან გადაინაცვლა, ბოლოს კი ფიცარნაგის მიმდებარედ ამტყდარი ხელჩართული ჩხუბით დასრულდა...

ჩხუბობდა ყველა - სპორტსმენი, ქომაგი, მწვრთნელი, ნაკრებისა თუ ფედერაციის ხელმძღვანელობა, მათ დაშოშმინებას კი სხვებთან ერთად ამაოდ ცდილობდნენ დარბაზში მყოფი სასულიერო პირებიც... პერიოდულად მინავლებული ჩხუბი ხან სად იფეთქებდა და ხან - სად, შედეგად კი ემოციებთან ერთად სისხლიც ბლომად დაიღვარა. ერთ ასეთ განახლებულ ეპიზოდში ერთმანეთის პირისპირ ზურაბ დათუნაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეც აღმოჩნდნენ და დაარტყეს ერთმანეთს...  მეეჭვება, მრავლისმნახველ სპორტის სასახლეს ასეთი მასობრივი ჩხუბი ოდესმე ენახოს... საბოლოოდ დათუნაშვილი მოხსნეს ტურნირიდან და ვერცხლის მედალი გაუთამაშებელი დარჩა, კობლიაშვილი კი ქვეყნის ჩემპიონად გამოცხადდა.

ღირსეული ჩემპიონი

ამ მასობრივ არეულობაში ძალიან ღირსეულად იქცეოდა თავად კობლიაშვილი, ვინც აქეთ დათუნაშვილებს აწყნარებდა, იქით მწვრთნელებს სთხოვდა, თქვენ ნუ ჩაერევით, ჩვენ მოვრიგდებითო, ბოლოს კი, როცა საქმე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, პირადმა მწვრთნელმა ზაზა ჯიბლაძემ ყოველი შემთხვევისთვის საერთოდ გამოარიდა ეპიცენტრს და ხალიჩის მეორე მხარეს იდგნენ.

ჩემპიონატის დადებითი მხარეები

საბედნიეროდ, ამ უსიამოვნო ეპიზოდის გარდა, ჩემპიონატში ბევრი იყო კარგი და დასამახსოვრებელი. როგორც გითხარით, ფალავნებმა მაღალი დონის ჭიდაობა გვაჩვენეს. ბუნებრივია, ისინი ჯერ არ იყვნენ ფორმაში და სეზონის ამ დროს ეს არც მოეთხოვებათ, მაგრამ აქეთ „ვარსკვლავებმა“ გამოავლინეს კლასი, იქით კი ახალმა თაობამ დაგვამახსოვრა თავი მედგარი ბრძოლით. გენო პეტრიაშვილი (125) სულაც მოუმზადებელი რომ გამოვიდეს ტურნირზე, მაინც მაღალ დონეზე იჭიდავებს; ან როგორ არ მოგეწონება ნუგზარ წურწუმიას (55) ზეტექნიკური ჭიდაობა და ასევე თვალსასეირო სტილის მიმდევარი ბექა ლომთაძე (61)?

საინტერესო ფინალების ჩემპიონატი

ორივე სტილის ჭიდაობაში ფრიად საინტერესო ფინალური წყვილები ვიხილეთ, თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. თავისუფალ ჭიდაობაში ასეთი იყო 79 კილოგრამის ფინალი, სადაც 23-წლამდელებში დეკემბერში გამართული საქართველოს პირველობის ფინალი განმეორდა ნიკა კენჭაძესა და ტარიელ გაფრინდაშვილს შორის. მაშინ თუ გაფრინდაშვილმა იმარჯვა სუფთად, ახლა რევანში კენჭაძემ აუღო ასევე წმინდად.

საინტერესო იყო 92 და 97 კილოგრამების ფინალებიც, რაც ასევე ძველი დასკვნითი პაექრობების განმეორება იყო. ბერძნულ-რომაულში ყურადღებას განსაკუთრებით 72, 82, სკანდალურად დასრულებული ზემოაღნიშნული 87, 97 და მძიმე წონები იქცევდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა არ იწვევდა ინტერესს. უბრალოდ, ზოგან ფავორიტი წინასწარვე იყო ცნობილი, ზოგან არ გამოდიოდნენ ლიდერები, ამ წონებში კი ან პრინციპული მეტოქეები ჭიდაობდნენ, ან ცნობილ ფალავანთა დუელები იყო.

ფინალებიდან ზემოდასახელებულთა მოლოდინი ასევე სრულად გამართლდა იმ წონებში, სადაც გამოკვეთილი ფავორიტები ჭიდაობდნენ - წურწუმია, ლომთაძე, პეტრიაშვილი, ავთანდილ კენჭაძე (74), მაგრამ სხვა რამდენიმეც გამოერია ისეთი, თქვენი მოწონებული... თუნდაც 74-ის ფინალი „თავისუფალში“ ავთო კენჭაძესა და გიორგი სულავას შორის, ხოლო ბერძნულ-რომაულში - 63-ის ფინალში ლევან ქავჟარაძესა და ლერი აბულაძეს შორის, ასევე ამავე სტილში 67-ის გადამწყვეტი პაექრობა სენაკელ საჩინო დავითაიასა და აჭარის ნაკრების წევრ მურად მიქელაძეს შორის სილამაზით, დრამატულობით და დინამიურობით, მე თუ მკითხავთ, ზოგადად ტურნირის საუკეთესო პაექრობა იყო: დავითაია 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მიქელაძემ ანგარიში 8:7 გახადა, თუმცა პაექრობა მაინც დავითაიამ მოიგო 9:8.

ახლები თავისას ითხოვენ და აღწევენ

ჩემპიონატმა თავისი დანიშნულება გაამართლა - წარმოაჩინა ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა. მედალოსანთა შორის რამდენიმე ისეთიც მოხვდა, ვისი სახელიც აქამდე სპეციალისტთა ძალზე ვიწრო წრემ თუ იცოდა, მაგრამ უფრო სასიხარულო ისაა, რომ ახალგაზრდობამ ძალიან კარგად წამოაჩინა თავი და მათი იმედი საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილად უნდა გვქონდეს. რამდენიმე წონაში სრულიად ახალი ჩემპიონებიც ვიხილეთ.

„თავისუფალში“ ასეთად 65 და 70 კილოგრამებს დავასახელებთ, ოღონდ ეს დიდწილად იმის ხარჯზე მოხდა, რომ მათი ლიდერები, მსოფლიოს ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65) და ზურაბ იაკობიშვილი (70) ამჯერად ტრავმების გამო არ ჭიდაობდნენ, ხოლო ირაკლი მწითურს (92) მოულოდნელ ჩემპიონს ვერ დავარქმევ - მას სახელოვანი დავით მარსაგიშვილი ადრეც დაუმარცხებია. ბერძნულ-რომაულში განსაკუთრებით აღსანიშნავია 77 კილოგრამის ფინალი გარდაბნელებს შორის! აჭარულ ან თბილისურ ფინალებს მიჩვეულები ვართ, მაგრამ გარდაბნელთა ასეთი წარმატება სასიამოვნო სიურპრიზია. ახლებიდან გამოსარჩევია სამტრედიელი გიორგი მელიაც (97), ვინც ძალიან დამაჯერებელი იყო - ამ წონაშიც მაღალი დონის ახალგაზრდა, ჯერ ისევ მზარდი ფალავანი გვყავს.