საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ამერიკელი კრისტოფერ ეუბანქსი 6:4, 4:6, 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა 45 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნიკამ 2:2-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე პარტიაში, ეუბანქსი 4:0 დაწინაურდა, ბასილაშვილმა შეძლო სხვაობის შემცირება მაგრამ სეტის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. მესამე სეტში ტაი-რეიკზე ნიკა 2:4-ს აგებდა, მაგრამ მოახერხა და საბოლოოდ 8:6 მოიგო. მეოთხე პარტიაში ქართველმა ჩოგბურთელმა 3:2-ზე ბრეიკი გააკეთა და ამერიკელს უკვე შანსი აღარ ჰქონდა.
მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზი მსოფლიო რეიტინგის 137-ე ნომერს იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება, რომელმაც გუიდო ანდრეოზი ოთხ სეტში დაამარცხა. ქართველი აქამდე ტრავალიას არ შეხვედრია. მატჩი 16 იანვარს გაიმართება. სტეფანო 27 წლის არის და კარიერის მანძილზე 100-ეულში არასდროს ყოფილა. იტალიელს კარიერის მანძილზე 9 ITFის ტურნირი და ერთი ჩელენჯერის ტურნირი აქვს მოგებული.
ნიკამ 45 სარეიტინგო ქულა და 75 000 დოლარი გამოიმუშავა.