„ყველაფერს ნათელს მოვფენ“ - ბესელიას საგანგებო პრესკონფერენცია

„ყველაფერს ნათელს მოვფენ“ - ბესელიას საგანგებო პრესკონფერენცია

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს მედიისთვის სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და პოსტიდან წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრებს. ეს ბიძინა ივანიშვილის წერილის შემდეგ ეკა ბესელიას პირველი ოფიციალური განცხადება იქნება. მედიისთვის პრესკონფერენცია 13:00 საათზე გაიმართება.

ბესელია სავარაუდოდ, ასევე უპასუხებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც ის გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა.

სავარაუდოდ, მოსამართლეთა სადავო სია იქნება ეკა ბესელიასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის შეხვედრის მთავარი თემაც, რომელიც დღეს უნდა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდში დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.