ხვალ, 13 იანვარს ჰაცუ ბაშო იწყება და ქართველი სეკიტორები კვლავ ჩაებმებიან ნახევარღმერთების ორთაბრძოლაში. დოჰიო იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში რიოკოგუ კოკუგიკანის დარბაზში არის მომზადებული, სადაც წლის განმავლობაში სამი სუპერტურნირი ტარდება.
ეს ბაშო სუმოს ქომაგებისთვის განსაკუთრებულია და სპონსორების დიდ ინტერესსაც იწვევს, რადგან უკლებლივ ყველა სეკიტორი იღებს მონაწილეობას, ეს კი იმას ნიშნავს რომ წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება.
ტოჩინოშინი
ბაშოს დაწყებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო იასპარეზებდა თუ არა ტოჩინოშინი ტურნირზე, თუმცა ქართველმა ფალავანმა გარკვეულწილად სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და ბრძოლა გადაწყვიტა. მას ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებს, რაც შეიძლება გაუმიზეზდეს. თუმცა ტოჩინოშინმა იაპონურ გამოცემებთან განაცხადა, რომ მისი მიზანი მხოლოდ კაჩი-კოშია (დადებით ბალანსი) და ნაკლებს არაფერს განიხილავს.
თუ წინა წლის განმავლობაში იაპონელი ქომაგი ტოჩინოშინს ფავორიტად თვლიდა, ამჯერად ასე აღარ არის, ამის ორი მიზეზი არსებობს - ტრავმა და იმედგაცრუება კიუშუ ბაშოზე. დადებითი ბალანსის შემთხვევაში ქართველი ოძეკის ტიტულს მომავალი ორი ბაშო არაფერი დაემუქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტის ტურნირზე მას კადობანში ჩააყენებენ.
ტოჩინოშინი წელს ტრადიციულად მეორე მეგაშირებით იწყებს, პირველი მეტოქე 26 წლის იაპონელი ჰოკოტოფუჯი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი 2:1-ზე აქვს.
2018 წელს ისინი ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთშ და იაპონელმა ქართველს ოშიტაოშის ილეთით სძლია. მეორე დღის მეტოქე კი 28 წლის იაპონელი სუმოისტი ნიშიგიკია, ტოჩინოშინს მასთან 3:1-ზე აქვს დადებითი ბალანსი , 2018 წელს ისინი კიუშუ ბაშოზე შეხვდნენ მხოლოდ და იქ ქართველმა მეტოქე იორიკირით დაამარცხა.
გაგამარუ
ჯურიო ლიგაში (მეორე დივიზიონი) დაბრუნებულ გაგამარუს მძიმე გამოცდა ელის, მას კიდევ ერთხელ მოუწევს ბრძოლა როგორც მეტოქის, ასევე საკუთარი ტრავმების წინააღმდეგ. მას არა აქვს მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსის) გაფორმების უფლება, რადგან ისევ მესამე დივიზიონში დაბრუნდება.
თეიმურაზ ჯუღელი ჯურიო ლიგის მეთოთხმეტე (ბოლო) ნომრად არის განთესილი, მისი პირველი დღის მეტოქე კი 22 წლის მონღოლი სუმოისტი მაკუშიტა დივიზიონის პირველი ნომერი კირიბიამაა, რომელიც სეკიტორის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვის და ვეტერან ქართველს დამწყებ მონღოლთან მძიმე ბრძოლა ელოდება.