ანა დოლიძე, სოფო ხორგუანი, გრიგოლ გეგელია, ჯაბა ჯიშკარიანი.... მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლა დაიწყო

ანა დოლიძე, სოფო ხორგუანი, გრიგოლ გეგელია, ჯაბა ჯიშკარიანი.... მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლა დაიწყო

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში განმეორებით არჩევნებში მონაწილე რამდენიმე კანდიდატის ვინაობა ცნობილია. მათ შორის არიან - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, უფლებადამცველი სოფო ხორგუანი, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრი კანდიდატი, რომლის ვინაობაც, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

"მე არ ვიყრი კენჭს მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში განმეორებით არჩევნებში, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუმცა ჩვენი მოძრაობა - "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა" თავის კანდიდატურას აუცილებლად წარადგენს და მის ვინაობას უახლოეს მომავალში გავასაჯაროვებთ. ამ ეტაპზე კონსულტაციების რეჟიმში ვართ", - განუცხადა "2020NEWS"-ს ალეკო ელისაშვილმა.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ემზადება ანა დოლიძეც, რომელმაც "2020NEWS"-ს დაუდასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად ფიქრობს, თუმცა ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის იმედი აქვს. "2020NEWS"-თან საუბარში ასევე დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა. იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. როგორც "2020NEWS“-ს ხორგუანმა განუცხადა, ყველაფერს გააკეთებს კანონის შესაბამისად. აუცილებლად შეისწავლის ოლქის მონაცემებს და გაეცნობა პრობლემებს.

"მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ვიყრი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ყველაფერს გავაკეთებ კანონის შესაბამისად. შევისწავლი ოლქის მონაცემებს და გავეცნობი პრობლემებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მოქალაქეების მხარდაჭერა მოვიპოვო“, - განაცხადა ხორგუანმა.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი, ვინც ძალების მოსინჯვას შეეცდება, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაა. როგორც გეგელია ამბობს, ის აპირებს შეუპოვარ ბრძოლას სახალხო და პრინციპული პოლიტიკის მომხრე ადამიანებთან ერთად. ჯერ არ ჩქარობს საკუთარი კანდიდატურის დასახელებას მმართველი გუნდი.

2020NEWS"-თვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის მანდატისთვის იბრძვის "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანიც, რომელიც სწორედ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარია დედაქალაქის საკრებულოში. ჯაბა ჯიშკარიანის მცდელობის და სურვილის მიუხედავად, როგორც 2020NEWS"-მა გაარკვია, მმართველი გუნდი მის კანდიდატურაზე ჩამოყალიბებული არ არის და სხვა პერსონების შესახებაც მიმდინარეობს კონსულტაციები.

ჯერჯერობით ეს არის იმ კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამ დროითვის არსებობს. დიდი ალბათობით, განმეორებით არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი გაიზრდება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და მთაწმინდის მაჟორიტარობა შეუწყდა, აღნიშნულ საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლეს მთაწმინდელები მაისში აირჩევენ.