ვინ გაიმარჯვებს კობახიძე-ბესელიას ომში? -

ვინ გაიმარჯვებს კობახიძე-ბესელიას ომში? - "ქართული ოცნება" ახალი ვნებათაღელვისთვის ემზადება

2019 წლის დასაწყისი მმართველი პარტია "ქართულ ოცნებისთვის’’  სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობას შორის ღია დაპირისპირების მიზეზი არა მარტო ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დატოვება გახდა, არამედ კომიტეტის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის დანიშვნაც და შემდეგ ფრაქციის მიერ ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევაც. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ანრი ოხანაშვილმა უხელმძღვანელოს. ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის გუნდის წევრი დეპუტატია.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პარტიაში გაჩენილი დაპირისპირება კიდევ უფრო ნათელი გახდა.

შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა  პოლიტიკური განქორწინების მიზეზი გახდეს.

როგორც ჩანს, საზოგადოებას წინ პოლიტიკური მღელვარების კვირეული ელის, როდესაც ეკა ბესელია სამშობლოში დაბრუნდება და დაპირისპირების  დეტალებზე ღიად ისაუბრებს.

მანამდე კი, ბესელიამ უკვე განაცხადა:

"ეს ბრძოლა ფარულად დიდი ხანია, მიმდინარეობს. ამას უკვე თავად კობახიძემაც ახადა ფარდა და თავად პირველად ახსენა ეს საჯაროდ. ამაში ალბათ, მეტი სიცხადის შეტანა იქნება საჭირო. საქართველოში როდესაც დავბრუნდები, ვაპირებ, საზოგადოებას ვესაუბრო. მე ყოველთვის კრიტიკული ვიყავი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებას. მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ნამდვილად სამართლიან გადაწყვეტილებებს.

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური სისუსტე. სამწუხაროა, რომ ახლა უკვე შემდეგი ეტაპი წამოიწყეს, რადგან მოსამართლეთა დასანიშნი კანდიდატების, უზენაეს სასამართლოში ასარჩევი პირების ახალი სია უნდა წარედგინოს პარლამენტს. როგორც ჩანს, ამ პატარა ჯგუფს სჭირდება, რომ იურიდიულ კომიტეტში არ იყოს ბარიერი, არ შეხვდეს მათ წინაღობა, რაც შეხვდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ჩემი გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლოს არ ჩაინიშნა ამ სიის განსახილველად კომიტეტის სხდომა", -  განაცხადა ბესელიამ.

შიდა დაპირისპირებაზე  ღიად საუბრობს ერთ-ერთი მთავარი  მოქმედი პირი, გედევან ფოფხაძე და აღნიშნავს, რომ ამჟამად პრინციპულად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება და ამ კუთხით ჩემი აქტიურობა. ნაწილს, ვისაც საწინააღმდეგო პოზიცია გვაქვს, გვიძაბავს ეს სიტუაციას და ეს ჩანს დაწყებული ეკას მიმართ ბინძური ჭორებით და დამთავრებული ჩემი მისამართით გაკეთებული განცხადებებით. საერთო ინტერესი უნდა ყოფილიყო, რომ იურიდიულ კომიტეტში არ ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელიც კითხვის ნიშნებს დადებს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით. თუ მე არ ვიქნებოდი, ნებისმიერი ისეთი უნდა ყოფილიყო, ვინც გარანტი იქნებოდა, რომ არ მოხდებოდა საჯარო ინტერესის დარღვევა.

ვიღაცას უნდოდა ეს სია ფორსირებულად მიღებულიყო. თუ ჩვენ დავიწყეთ დაშლაზე საუბარი, ეს ფარავს ძირითად საკითხს. ახლა სიაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არაფერი არ არის. ჩვენ არ ვიქნებით პოლიტიკაში, როდესაც ეს მოსამართლეები კვლავ უვადოდ იქნებიან დანიშნულნი და გადაწყვეტენ ქვეყანაში მართლმსაჯულების საკითხებს.

რაც შეეხება გუნდის დატოვებას, ამ ეტაპზე არ მგონია ამ თემების წამოწევა მნიშვნელოვანი იყოს. თუ ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ გაგვრიცხავენ, პრობლემა არაა. ჩვენი ამოცანაა მოსამართლეების საკითხის აქტუალურობა", - განაცხადა ფოფხაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე  თანაგუნდელებს გუნდურობის პრინციპი დაცვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირებით ოპონენტების წისქვილზე წყალი არ დაასხან.

"ყველას მოვუწოდებ, რომ ჯერ დავიცვათ თამაშის წესები და გუნდურობა. ვილაპარაკოთ გუნდის შიგნით და ნებსით თუ უნებლიედ, ნუ დავასხამთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, მტრის წისქვილზე წყალს. ჩვენ გუშინ არც ერთი სიტყვა არ დაგვიძრავს, არც პარტიის ხელმძღვანელს იმასთან დაკავშირებით, რომ საუბარი ყოფილიყო ვინმეს გარიცხვაზე. სიაზე და კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით გუშინ განხილვა არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული კითხვა, რაც იმ კონკრეტული პერსონების მიმართ არსებობს. შეიძლება ვიღაცას დაუჭიროს პარლამენტმა მხარი, ვიღაცას - არა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევას მის მიმართ პირად ანგარიშსწორებას  უკავშირებს გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბექა ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ გუნდში დაპირისპირების  გამო, მოხდა ფოფხაძის კომიტეტიდან გაწვევა.

"გედევან ფოფხაძის გადაყენება არა შესაძლო პროცედურული დარღვევების გამო მოხდა, არამედ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. გარკვეული  თვალსაზრისით, ეს გედევან ფოფხაძის დასჯა გამოვიდა. გედევან ფოფხაძე ის ადამიანია, რომელიც ღიად და ცხადად გამოხატავდა მის პოზიციას ამ მოსამართლეების სიის წინააღმდეგ, ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე. ამიტომ მნიშვნელოვანია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში თავმჯდომარედ აირჩეს ისეთი პიროვნება, რომელიც ამ სულისკვეთებას გაიზიარებს, ღიად და ცხადად გამოხატავს თავის პოზიციას მოსამართლეთა სიაზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე დღეს არც-პრემიერ მინისტრს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალჩინოსნებს საჯაროდ არ უსაუბრიათ.