"ივანიშვილი საზოგადოებას რევოლუციისკენ იწვევს"

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დაბრუნდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი კომერციული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი თავისი ქმედებებით, საზოგადოებას რევოლუციის ჩატარებისკენ იწვევს.

„ეს ადამიანი საზოგადოებას რევოლუციისკენ იწვევს. რევოლუციას არ და ვერ აწყობს ხალხი, აწყობს ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს წარმატებით აკეთებს, რომ ძალიან მალე ეს ადამიანი ხალხმა აიძულოს ან თავისი ფეხით შევიდეს საკანში ან გაიქცეს ამ ქვეყნიდან. ანრი ოხანაშვილი შეეწინააღმდეგება, თუ აკაკი ზოიძე, რასაც გაუკეთებენ, თათებზე დგებიან, უკანა თათებზე და იმას აკეთებენ მუდმივად. მისი აქტივები შემცირდა 800 მილიონი დოლარით, ამას ხომ ამოღება სჭირდება. გეგმა მაქვსო, ორი წელიწადი ვიმუშავეო, რომელიც იძლევა 500%-იან მოგებას," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის საკითხი ისევ წამოჭრა. ასევე, გავრცელებული ცნობით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა.