"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევას ეხმაურება. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნება“ გუნდში განსხვავებული აზრის მქონე პირებს დევნის.
გოცირიძემ ამის მაგალითად დავით ჭიჭინაძის შემთხვევა მოიყვანა, როდესაც დეპუტატმა მმართველი გუნდის წევრებთან დაპირისპირების გამო "ქართული ოცნების" რიგებიდან "პატრიოტთა ალიანსში" გადაინაცვლა.
„ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ქართული ოცნების“ ჩამოშლის დასაწყისი. ფაქტობრივად, პარტიაში მყარდება დიქტატურა, განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ხალხს უშვებენ კომიტეტებიდანაც კი. თუ განსხვავებული აზრისთვის დაისაჯა ჭიჭინაძე და აიძულეს, რომ დაეტოვებინა „ქართული ოცნება“, დღეს უკვე აქ გაცილებით დიდ ჯგუფთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის მიწურულს დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი გედევან ფოფხაძე აირჩიეს 31 დეკემბერს. თუმცა დღეს, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საქმეთა კომიტეტიდან გაიწვიეს. შესაბამისად, მას კომიტეტს თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილებაც შეუწყდა.