კაკა:

კაკა: "რეალში" ტრავმებისა და მოურინიოს გამო ვერ ვითამაშე"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. სამხრეთ ამერიკელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2009 წელს გადაბარგდა და მასზე დიდ იმედსაც ამყარებდნენ.

თუმცა, კაკა „რეალში“ ისე კარგად ვერ ათამაშდა, როგორც იქამდე „მილანში“ თამაშობდა. ბრაზილიელის განცხადებით, „სამეფო კლუბში“ მის წარუმატებელობას ორი მიზეზი ჰქონდა:

„რეალში“ ორი მიზეზით ვერ ვითამაშე სათანადო დონეზე: დასაწყისში ფიზიკური პრობლემები მქონდა და ბევრი ტრავმაც მივიღე. მეორე კი მოურინიოს არჩევანის გამო. ვუებნებოდი, რომ მეტ შანსს ვიმსახურებდი, მაგრამ მას სხვა იდეა ჰქონდა. ჩემს პოზიციაზე იოზილს ამჯობინებდა“, - თქვა რიკარდომ.

კაკამ გაიხსენა მოურინიოსთან ურთიერთობა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის დიდი პატივისცემა იყო:

„ერთხელ ორი საათი ვსაუბრობდით, მინდოდა, გაეგო რასაც ვფიქრობდი. მე ყოველთვის ვვარჯიშობდი და ხმისთვის არასდროს ამიწევია. მან მითხრა, რომ ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი, რომელიც ოდესმე ჰყოლია“, - იხსენებს კაკა.

ბრაზილიელმა შემტევმა „რეალი“ 2013 წელს დატოვა. მაშინ, როდესაც მადრიდულ გრანდს სათავეში კარლო ანჩელოტი ჩაუდგა. მწვრთნელი, რომელთანაც კაკას კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა გატარებული ჯერ კიდევ იტალიურ „მილანში“.

„იმ ზაფხულს კარლო ანჩელოტი მოვიდა, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. ის მელაპარაკა და მითხრა, რომ პერესს ახალგაზრდებზე სურდა აქცენტის გაკეთება. მაშინ მივხვდი, რომ სჯობდა გუნდიდან წავსულიყავი, რადგან 2014 წლის მუნდიალზე თამაში მინდოდა“, - დასძინა 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა.