პოლ პოგბა:

პოლ პოგბა: "ახლა გუნდი ვართ!"

ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერ იცნობთ. 3 თამაში, 9 ქულა, 12 გატანილი და მხოლოდ 3 გაშვებული გოლი. „იუნაიტედთან“ ერთად დაბრუნდა პოლ პოგბა, რომელმაც ხსენებულ სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ფრანგმა „ბორნმუთთან“ ორი გოლი შეაგდო და ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. ნამატჩევს, პოლმა აღნიშნა, რომ ახლა „მანჩესტერი“ უფრო მეტად გუნდურად თამაშობს და უმეტეს დროს შეტევაში ატარებს.

„ეს გამარჯვება და კარგი თამაში გვჭირდებოდა, რომ წელი შესანიშნავად დაგვესრულებინა. ჩვენ დავბრუნდით, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. რა შეიცვალა? ალბათ, უფრო მეტად მივხვდით, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვართ და ეს გუნდი ჩემპიონატის სათავეში უნდა იყოს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გუნდურად თამაშობს და ყველა ერთმანეთისთვის იბრძვის.

ახლა "მანჩესტერი" განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, უფრო მეტად უტევს, ქმნის საგოლე მომენტებს, ცდილობს შეტევას. ეს არის ის, რასაც მწვრთნელი გვთხოვს და რასაც მოედანზე ვაკეთებთ.

ვცდილობ, რომ გუნდისთვის ვითამაშო და გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ნდობას ვგრძნობდე, ჩვენ გავიზარდეთ, მაგრამ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა პოგბამ.

„მანჩესტერი“ 20 ტურის შემდეგ 35 ქულით ისევ მეექვსე ადგილზეა, თუმცა „წითელი ეშმაკების“ ბოლოდროინდელი თამაშიდან გამომდინარე ამ გუნდის ქომაგები იმედიანად განეწყვნენ.