სამშენებლო კომპანია "პასაჟი-საქართველო" ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს. კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. რამაზ მეთოფიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარკეთილის ხიდზე 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს და ისიც მხოლოდ ერთი ნაწილის.
"ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 31 დეკემბერს და არა 20 ნოემბერს და უნდა დასრულებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ხიდის ერთი ხაზის რეაბილიტაცია და მეორე ხაზის რეაბილიტაცია ამ შემთხვევაში ამ ვადაში არ შედიოდა,“- აცხადებს რამაზ მეთოფიშვილი.
მისივე თქმით, ასევე არ შეეფერება სიმართლეს ლევან ხაბეიშვილის განცხადება, თითქოს კომპანია რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა.
"ჩვენ არა თუ რამდენიმე თვის დაფუძნებული კომპანია ვართ, არამედ არის 2017 წლის 9 აგვისტოს დაფუძნებული კომპანია. ეს კომპანია არის ფილიალი ევროპაში და რუსეთში მოქმედი "პასაჟისა,“ რომელიც 2012 წელს არის დაფუძნებული და ამ დროის შემდეგ სრულად ახორციელებს სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს. კომპანიას ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, ზუსტად 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო სამუშაოები მაგრამ აქ გასათვალისწინებელი იყო ერთი გარემოება, რომ საპატრულო პოლიციამ სამშენებლო კომპანიას და მის ქვეკონტრაქტორ კომპანიას არ მისცა საშუალება, ტრასის ორივე მხარეს ასასვლელი გზების გადაკვეთის. ამის შესახებ წერილები მერიაშიც იქნა გადაგზავნილი,“ - განაცხადა რამაზ მეთოფიშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კომპანია "პასაჟი-საქართველოს" ჯერ კიდევ 20 ნოემბერს უნდა დაესრულებინა სამუშაოები, რისთვისაც მიიღო კიდეც 1.5 მლნ ლარი. თუმცა სამუშაოები კვლავაც არაა ჩაბარებული. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, კომპანია არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არაკეთილსინდისიერად მუშაობს.