პოდგორიცას “ბუდუჩნოსტი”, რომელმაც მცირე ხნის წინ ქართველი ტალანტი გოგა ბითაძე დაიმატა, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.
ადრიატიკის ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა და ევროლიგის მონაწილე კლუბმა კონტრაქტი გაწყვიტა სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩთან, რომლის ხელშიც მონტენეგროელებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ ჯიკიჩის მეთაურობით “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგაში უმთავრესი კონკურენტის სერბული “ცრვენა ზვეზდას” ჰეგემონია დაამხო და 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა, მიმდინარე სეზონში პრობლემები შეექმნა.
პოდგორიცელებმა ევროლიგაში ესპანურ “ბარსელონასა” და “ბასკონიას” და რუსულ ცსკა-ს სძლიეს და თორნიკე შენგელიას გუნდის სარეკორდო 21 სამქულიანიც ჩაუგდეს, თუმცა, ამ ფონზე 12 მარცხი შეემთხვათ და მხოლოდ ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზე არიან.
გუნდი არადამაჯერებლად ირჯება ადრიატიკის ლიგაშიც, სადაც 12 ტურის თავზე უკვე 4 წაგება აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება.
უკვე ცნობილია, რომ ჯიკიჩის დათხოვნის შემდეგ, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას მისი ასისტენტი ჯორჯე აჯიჩი შეასრულებს და სწორედ ის გაიყვანს “ბუდუჩნოსტს” ადრიატიკის ლიგაში, უმთავრეს კონკურენტ “ცრვენა ზვეზდასთან” მატჩზე.
უკვე გაჩნდა ინფორმაციაც, რომ ბითაძის ახალი გუნდი პოსტის შეთავაზებას იასმინ რეპეშასთვის აპირებს. 57 წლის ბოსნიელი ბოლოს იტალიურ “მილანსა” და მშობლიურ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, მანამდე კი, “ციბონაში” (ხორვატია), “თოფაშში” (თურქეთი), “სპლიტში” (ხორვატია), “შლიონსკში” (პოლონეთი), “ბოლონიაში” (იტალია), “ბენეტონში” (იტალია), “უნიკახაში” (ესპანეთი), “ცედევიტასა” (ხორვატია) და ხორვატიის ნაკრებში უმუშავია.