„ოქროს ბიჭუნა,“ ნორვეგიელი ვუნდერკინდი, მარტინ ედეგორი, ახლა 20 წლისაა და ჩვენთვის კარგად ნაცნობ არნემის „ვიტესში“ თამაშობს იჯარით. არადა, დრო იყო, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ რაცხავდნენ, რაც შემდეგ ერთობ გადაჭარბებული აღმოჩნდა.
2015 წლის იანვარში მადრიდის „რეალმა“ მარტინს კონტრაქტი გაუფორმა და ყმაწვილს წელიწადში 2,25 მილიონევროიანი ჯამაგირი დაუნიშნა. მისი დებიუტი იმავე წლის მაისში შედგა, სიმბოლურად კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. იმ დროისათვის მარტინი 16 წლის 156 დღის იყო, რაც ნიშნავდა, რომ ის „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთლი გახდა.
მაგრამ საქმეები ისე არ წავიდა, როგორც ელოდნენ, ჯერ „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს, მერე „ჰოლანდიურ „ჰერენვენში.“ ახლა კი ის „ვიტესშია“ განათხოვრებული.
„როცა „რეალთან“ კონტრაქტს ვაფორმებდი, მეგონა, რომ მეტ სათამაშო დროს მომცემდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა. ვხვდებოდი, რომ გამანათხოვრებდნენ, ეს ჩემი განვითარებისთვის იყო საჭირო.
ახლა ჩემი მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ ტყუილად არ ამირჩია „რეალმა.“ ერთხელაც დავბრუნდები მადრიდში. შეიძლება ეს მომავალ ზაფხულს მოხდეს, შესაძლოა, სამი წლის შემდეგ. ამაზე არ ვნერვიულობ, ჯერ ახალგაზრდა ვარ.“ - უთხრა ედეგორმა ესპანურ Marca-ს.
ასეთია ედეგორის ამბავი და როცა მის ისტორიას ვისმენთ, ჩვენი გიორგი ჩაკვეტაძე გვახსენდება, რომელიც ბობოლა კლუბების ინტერესის სფეროში მოექცა. ჩვენი აზრით, კარგი იქნება, გიორგი ჯერჯერობით „გენტში“ დარჩეს, მოძლიერდეს, დაღვინდეს და „ბარსელონებზე“ მერე იფიქროს. მთავარი მისთვის ახლა სტაბილური სათამაშო პრაქტიკაა.