ესპანური გამოცემა "ელ პაისი" გვარწმუნებს, რომ "რეალი" ჟოზე მოურინიოს დაბრუნების საკითხს განიხილავს. ჟურნალისტ დიეგო ტორესის (რომელმაც ადრე წიგნი დაწერა მოურინიოზე) სიტყვებზე დაყრდნობით, ხსენებული გამოცემა წერს, რომ ფლორენტინო პერესს, თურმე, ძალიან უნდა პორტუგალიელის დაბრუნება და მზად არის, სეზონში 18 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
ერთი მხრივ, ეს არც არის გასაკვირი. ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ "სამეფო კლუბი" სრულ სამწვრთნელო ქაოსშია. ჯერ იყო და, ხულიენ ლოპეტეგი გაათავისუფლეს პოსტიდან სულ რაღაც სამთვიანი მუშაობის შემდეგ, ხოლო ახლახან დანიშნული სანტიაგო სოლარის ხელში "რეალი", ჯერჯერობით, საშინელი სანახავია - მარტო ცსკას-სთან შინ წაგება (0:3) რად ღირს. "ლოს ბლანკოსის" ქომაგები ვერ დაივიწყებენ "ეიბართან" შერცხვენასაც (0:3). ვფიქრობთ, ესოდენ მოკლედ პერიოდში "რეალისთვის" ორი 0:3 კატასტროფულად ბევრია.
აქედან გამომდინარე, ბევრს ეპარება ეჭვი, რომ სოლარი ბოლომდე მიიყვანს თავის კონტრაქტს, რომელიც ახლახან 2021 წლამდე გააფორმა. მან უკვე მოასწრო ურთიერთობის გაფუჭება ისკოსთან, რაც ამ უკანასკნელს გუნდიდან წასვლად შეიძლება დაუჯდეს და ეს ძალიან არ მოსწონს პერესს, რომელიც ისკოს დიდი თაყვანისმცემელია.