ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ერთი მხრივ, ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ მეორე მხრივ, საფეხბურთო საზოგადოებამ მაინც სიურპრიზად მიიღო. მთლად ასე მალეც არ ელოდნენ გაყრას...
მოურინიოსა და კლუბის მესვეურებს შორის დაპირისპირება ზაფხულიდან დაიწყო, როცა გაირკვა, რომ "მანჩესტერი" ხმაურიან შენაძენებს ვერ გააკეთებდა. ახალი მხოლოდ ბრაზილიელი ფრედი იყო "შახტარიდან", რომელშიც 52 მილიონი ევრო გადაიხადეს. ცხადია, ჟოზესთვის ეს საკმარისი ვერ იქნებოდა.
...დაიწყო სეზონი, დაიკარგა პირველი ქულები და მოურინიომაც არ დამალა საწუხარი: "ყველა კონკურენტი გაძლიერდა, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ვერ წარვმართეთ სატრანსფერო კამპანია ისე, როგორც საჭირო იყო", - დაიჩივლა ჟოზემ, რითიც მიანიშნა, რომ ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებდა.
რა თქმა უნდა, თავისი სიმართლე ორივე მხარეს აქვს. კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა - "იუნაიტედის" მწვრთნელს საკმარისი რესურსი ჰქონდა საიმისოდ, თუნდაც პირველ ოთხეულში მოხვედრა ეჭვის ქვეშ რომ არ დაეყენებინა...
თუმცა აპრიორი ამის მტკიცებასაც ვერავინ დაიწყებს - როცა კონკურენტებად გყავს "მანჩესტერს სიტი", "ჩელსი", "ლივერპული", "არსენალი" და "ტოტენჰემი", როგორ უნდა გქონდეს იმის გარანტია, რომ თუნდაც უფრო ძლიერი შემადგენლობით ოთხეულში მოხვდები?
კლუბის ხელმძღვანელობაზე გაბრაზებულმა მოურინიომ, როგორც იტყვიან, ჯავრი ფეხბურთელებზე იყარა. ლამის არ დარჩა გუნდში მოთამაშე, ვისთანაც ჟოზეს უთანხმოება არ ჰქონდა. ის არ ერიდებოდა შეგირდების საჯარო კრიტიკას, რაც კიდევ უფრო ძაბავდა გუნდში ურთიერთობას.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომლის ვინაობაც არ გასაჯაროვდა, "დეილი მეილს" უთხრა, რომ მოთამაშეთა 80 პროცენტი ჟოზეს წინააღმდეგი იყო. ცხადია, ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელია გუნდის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მაღალ მიზნებსა და მსგავს მაღალ მატერიებზე.
"მანჩესტერ იუნაიტედი" აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიო ამ მომენტიდან გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. კლუბი მადლობას უხდის მას იმ სამუშაოსთვის, რაც ამ ხნის განმავლობაში გასწია და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში. სეზონის ბოლომდე გუნდში დროებითი მწვრთნელი იმუშავებს. ამავე დროს, კლუბი იწყებს მუშაობას ახალი, სრულუფლებიანი სპეციალისტის დასაქირავებლად", - წერია "მანჩესტერ იუნაიტედის" შაბლონურ ოფიციალურ განცხადებაში.