ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გამარჯვება იზეიმა ბექა ბურჯანაძის “დელტეკომ” და ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია. ფინანსურ კრიზისში მყოფი აუტაისერი გუნდი ლიგაში დასარჩენად იბრძვის და ამ გზაზე “ანდორის” ძლევით დიდი ნაბიჯი გადადგა. შეხვედრა ანდორა ლა ვალეში გაიმართა და სანსებასტიანური “დელტეკოს” გამარჯვებით – 87:76 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძემ გასული 2 სეზონი სწორედ “ანდორაში” გაატარა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მესამე პერიოდის ბოლოს ანდორელები ლიდერობდნენ – 61:57, თუმცა დასკვნით ათწუთეულში სტუმრებმა მოინდომეს, პერიოდი 30:15 მოიგეს და საბოლოოდ საწადელი გამარჯვება იზეიმეს. სასტარტო ხუთეულში იყო ბექა ბურჯანაძე, რომელმაც მოედანზე 23:20 წუთი გაატარა და 2 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართელმა ფორვარდმა 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი და 2 სამიანი კი ააცილა.
3 მოგებითა და 9 წაგებით “დელტეკო” ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, ბოლოზე მყოფ “ბრეგანს” დღეს მე-12 ტურის მატჩი აქვს სათამაშო. თუმცა მეტოქე “რეალია” და სავარაუდოდ ბურჯანაძის გუნდი არსებულ მე-19 ადგილზე დარჩება. შემდეგი შეხვედრა “დელტეკოს” 22 დეკემბერს, შინ “ბარსელონასთან” ელის.