საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული მუზეუმისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის ერთობლივი პროექტის “წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაცია” პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაციას გულისხმობს.
“წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაციის” ფარგლებში, 2011 წელს ეროვნული კოლექციების ახალ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენაა დაგეგმილი.
პროექტის მიზანი ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციების სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში გაერთიანებაა, რაც ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობისა და მნიშვნელობის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
“წარსულის რეკონსტრუქცია-ტრადიცია და ტრანსფორმაციის” ფარგლებში, მეტროპოლიტენ მუზეუმის წამყვან ექსპერტთა ჯგუფი - ჰელე ევანსი, ანიელ კერშაუი და ჯაკ სულთანიანი საქართველოს რამდენჯერმე ეწვევიან.
ექსპერტები დაზიანებულ ექსპონატებს გადაუდებელ ექსპერტიზას ჩაუტარებენ და მონაწილეობას დასავლური სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისი ახალი სამეცნიერო-მხატვრული კონცეფციისა და საგამოფენო დიზაინის შემუშავებაში მიიღებენ.