ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის წარსული გამოცდილება, დღევანდელი პრობლემატიკა და მომავალი პერსპექტივები განიხილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე “ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში: წარსული-აწმყო-მომავალი“. ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი. ღონისძიების გახსნის ცერემონიას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპული აკადემიის კვლევითი ჰაბი გაიხსნება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობისა და ინოვაციების საკითხებს მოიცავს. „ჰაბი ჩვენს ახალგაზრდა მკვლევარებს, დოქტორანტებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ევროპულ გრანტებში, მეტი შანსი გაუჩნდებათ მოიძიონ თანხები, რაც საბოლოო ჯამში, გამოადგებათ აქტიურად აწარმოონ კვლევა, გამოაქვეყნონ საკუთარი პუბლიკაციები, კვლევის შედეგები და ამით ჩამოყალიბდნენ როგორც პროფესიონალები. ზოგადად, კულტურული მეკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება - ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ,“ - განაცხადა თსუ რექტორმა. თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ზაზა სხირტლაძის თქმით, „უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მუშაობდა ხელოვნების მეცნიერებათა კაბინეტთან არსებული სიძველეთა მუზეუმი. ერთი საუკუნის მანძილზე ხელოვნებათმცოდნეობა არამარტო ისწავლებოდა, არამედ გამოიკვლეოდა სწორედ უნივერსიტეტის ფარგლებში. ამ საიუბილეო მოვლენას ეძღვნება კონფერენცია და გამოფენა იმ დოკუმენტებისა და იმ სიძველეებისა, რომელიც ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიასთან არის დაკავშირებული,“ - აღნიშნა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებლის, ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლის ალჟბეტა ფილიპოვას თქმით, კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი მკვლევრები ერთ სივრცეში მოაქციოს. „მკვლევრები დაინტერესებული არიან ქართული ხელოვნებით, რომელიც ერთდროულად ხელოვნებისა და ისტორიის გამოძახილია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო იზოლირებული იყო სხვა ქვეყნების კულტურისგან, საინტერესოა ახალი სახეების დანახვა საერთო ისტორიოგრაფიაში. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ხასიათის კონფერენციები, რათა გვქონდეს დისკუსია და ვითანამშრომლოთ მომავალში,“ - განაცხადა ალჟბეტა ფილიპოვამ.
მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობის, როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების, ჩამოყალიბების უპირველეს მიზანს წარმოადგენდა. ქართული ხელოვნების ნიმუშების მოძიება-შესწავლის დაწყების შემდგომ, ამ საქმეში არსებითი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება – სწორედ უნივერსიტეტში დაფუძნდა გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით ხელოვნებათმეცნიერების კაბინეტი და საფუძველი ჩაეყარა ხელოვნების შესწავლის საქმეს. თბილისის უნივერსიტეტში დაწყებული საქმიანობა შემდგომში გასცდა მის კედლებს და დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სამეცნიერო და სამუზეუმო დაწესებულებებში მიმდინარეობს. ამ პროცესში განუზომელია უფროსი თაობის მკვლევართა ღვაწლი. ასი წლის განმავლობაში გაფართოვდა ხელოვნებათმცოდნეების მიერ განხორციელებული კვლევების თემატიკა, კონტაქტები მოწინავე სახელოვნებათმცოდნეო ცენტრებთან.
საერთაშორისო კონფერენცია “ხელოვნებათმცოდნეობა საქართველოში: წარსული-აწმყო-მომავალი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს ეძღვნება.