აშშ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა

აშშ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა

ამერიკის შეერთებული შტატების, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გაიხსნა. პროფესიული სასწავლებელი დუალურ პროგრამებზე სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულების დაუფლებას სთავაზობს. კოლეჯის პირველი სტუდენტებისა და პროფესიული სასწავლებლის პრიორიტეტებზე სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის  ხარისხის მართვის მენეჯერს მანანა მოსიწრაფიშვილს ვესაუბრეთ. 

ქ-ნო მანანა, პირველ რიგში, საინტერესოა რატომ გაჩნდა რკინიგზის კოლეჯის დაფუძნების იდეა? 

აღსანიშნავია რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში რკინიგზაში პროფესიონალი კადრების მომზადების დეფიციტი  გაჩნდა და ბუნებრივი დაბერება მოხდა. ამ მიზეზიდან გამომდიანრე და სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შექმნას დაედო საფუძველი. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ შეუერთდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი, რომელსაც დღეს უკვე შეგვიძლია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ვუწოდოთ. 

პროფესია რკინიგზელი - ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია რკინიგზის დაარსების დღიდან,  პროფესიონალი კადრების მომზადება, პროფტექნიკუმებში ხდებოდა. გამოდის რომ დღეს ისევ გაჩნდა პროფესიული კოლეჯის დაარსების აუცილებლობა?

საქართველოში რკინიგზისათვის ტექნიკური პერსონალის მომზადება ჯერ კიდევ 1878 წლიდან ხდებოდა, რაც წარმოებასთან მჭიდრო კავშირით ხორციელდებოდა.  სამწუხაროდ, როგორც აღნიშნეთ, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან ეს სისტემა მოიშალა, რამაც სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულებების ფუნქციის დაკარგვა და მომზადებული კადრების ხარისხის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ განათლება, რომელიც დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს, ფუნქციას კარგავს, შედეგად კი ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა. პროფესიონალი კადრების დეფიციტი აფერხებს კომპანიების განვითარებას და გარკვეული დროის შემდეგ ისინი დგებიან კადრების  ალტერნატიული მეთოდებით გადამზადების აუცილებლობის წინაშე.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მსგავსი ტიპის სასწავლებლების შექმნა წაახალისა, ბაზარზე ბევრი პროფესიული კოლეჯი გაჩნდა. რით განსხვავდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სხვა სასწავლებლებისაგან, რა პრიორიტეტები და პრივილეგიები აქვს მას?

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ კოლეჯის დაფუძნების მთავარი პრიორიტეტი საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი იყო, რომელიც დუალურ მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა. ანუ, ჩვენი მიზანი რკინიგზისათვის მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების პროფესიონალი ტექნიკური პერსონალის მომზადება იყო. მაღალკვალიფიციური კადრი კი, კომპანიას   ასაკოვანი თანამშრომლის უმტკივნეულოდ ჩანაცვლების შესაძლებლობასა და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფდა. ამრიგად, კოლეჯის იდეის ირგვლივ, მოტივირებული პიროვნებების ძლიერი გუნდი შეიკრიბა, რომელმაც ურთულესი საგრანტო კონკურსით ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსება  - 2 291 900 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო. საქართველოს რკინიგზამ კი, კოლეჯისათვის 1 829 141 აშშ დოლარი გაიღო. 

კოლეჯის შენობის მშენებლობა დღეს უკვე დასრულებულია. რითი არის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილი?

ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავეთ იმისათვის, რომ საგრანტო თანხები რაციონალურად გადაგვენაწილებინა, მით უფრო რომ უამრავი წინამოსამზადებელი სამუშაო იყო ჩასატარებელი. კოლეჯის მშენებლობა, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ: შეკეთდა სრულად ამორტიზებული შენობა, მოეწყო და აღიჭურვა სასწავლო ფართები, კოლეჯის ეზოში  სასწავლო პოლიგონის ფუნქციით ლიანდაგი დაიგო,  მოეწყო ლოკომოტივის მართვის თანამედროვე სიმულატორები, სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის და ბლოკირების ტრენაჟორი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დუალური სწავლების მეთოდი გაქვთ. როგორ მოხდა პედაგოგების შერჩევა და რას გულისხმობს ეს მეთოდი? 

ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ სასწავლო პროგრამების შემუშავება, დუალურ სწავლებაში საუკეთესო გამოცდილების მქონე პარტნიორის - გერმანიის რკინიგზის ტრენინგ-ცენტრის DB E & C დახმარებით მოხდა.  გერმანიაში სასწავლო - გაცნობითი ტური გაიმართა, სადაც პედაგოგების, მენეჯერებისა და პროგრამების ხელმძღვანელების გადამზადება მოხდა. გერმანელი პარტნიორის დახმარებით, კოლეჯისათვის საჭირო საგამოცდო მასალები, სასწავლო - მეთოდური ლიტერატურა და სადემონსტრაციო მასალები მომზადდა. გარდა ამისა, კადრების შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში  გადამზადება ჩვენს მეორე პარტნიორ -  ,,აიოვას“ სახელმწიფო უნივერსიტეტთან მოხდა. 

როგორც ცნობილია, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა სპეციალობებს  დაეუფლებიან კოლეჯის სტუდენტები?

დიახ, ჩვენ წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან შევათანხმეთ და დარგობრივ საბჭოზე დავამტკიცეთ 4 ჩარჩო - დოკუმენტი, რომელიც 8 ძირითად სარკინიგზო სპეციალობას მოიცავს. ესენია: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგის  მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამა, რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, ლოკომოტივის მემანქანის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, სავაგონო მეურნეობის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, სარკინიგზო გადამზიდავის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაციის ცენტრალიზაციის და ბლოკირების მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა და რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობის მეოთხე საფეხურის პროფესიული პროგრამა.
 

საინტერესოა, რა პრივილეგიები ექნებათ კოლეჯის კურსდათავრებულებს?  

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიზანია ყველა კურსდამთვრებულის გარანტირებული დასაქმებით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ მისაღები კონტიგენტის დაგეგმვისას, პერმანენტულად ,,საქართველოს რკინიგზასთან“ ვითანამშრომლებთ. ჩვენს გუნდს  აქვს ამბიცია გახდეს რეგიონის საუკეთესო კოლეჯი, შესაბამისად, სასწავლო და მართვის პროცესს მენეჯმენტი მუდმივ მონიტორინგს გაუწევს. აღნიშნული მონიტორინგის მიზანია, დაკვირვების შედეგების ანალიზზე დაყრდნობითა და საქართველოს რკინიგზის მოთხოვნათა ცვალებადობის ფონზე, უწყვეტი განვითარების პროცესის დანერგვა, პედაგოგიური რესურსის შევსება  და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზის გაძლიერება. ჩვენ, ასევე, დაგეგმილი გვაქვს კამპუსის მოწყობა და  სტუდენტებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. თუმცა, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მენეჯმენტის უმთავრესი მიზანია, სარკინიგზო სპეციალობების პოპულარიზაცია და ჩვენი მოკრძალებული წვლილის შეტანა  საქართველოს რკინიგზის განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში!