საკრებულოს რეკომენდაციით, თბილისის ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ფსიქოლოგი და ლოგოპედი იზრუნებს

საკრებულოს რეკომენდაციით, თბილისის ყველა ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ფსიქოლოგი და ლოგოპედი იზრუნებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ და განათლებისა და კუტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის სერტიფიკატები გადასცა.

პირველ ეტაპზე, გადამზადების კურსი ბაგა-ბაღებში მოქმედმა 60-მდე ფსიქოლოგმა და 30-მდე ლოგოპედმა გაიარა.

თამარ ტალიაშვილმა ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს გადამზადების კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენი მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვისთვის ფსიქოსომატური განვითარების თანაბარი შესაძლებლობების გარემოს შექმნაა და ამ პროცესში კვალიფიციური ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების როლი ძალიან დიდია’’,-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისევე თქმით, ბაგა-ბაღების ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატებით უზრუნველყოფის საკითხი 2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხვა ინიციატივებთან ერთად აისახა და აღნიშნულ საკითხზე მუშაობა თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებულად დაიწყო.

ტრენინგის მიზანი ბაგა-ბაღებში ბავშვის გონებრივი და ფიზიკური განვითარების, სხვადასხვა უნარ-ჩვევების ფორმირებისა და ბაღში ინკლუზიური გარემოს შექმნაა.

პირველი ეტაპის გადამზადებულ სპეციალისტებს პროექტის ფარგლებში შექმნილი ორი ახალი სახელმძღვანელო - „ფსიქოლოგის როლი სკოლამდელ აღზრდაში“ და „კომუნიკაცია, ენა და მეტყველება - საბაზისო გზამკვლევი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის“ გადაეცათ.

ამ ეტაპზე ფსიქოლოგის შტატი უკვე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 72%-შია დაშვებული, 2016 წლის ივნისი-ივლისისთვის კი აღნიშნული შტატებით ბაგა-ბაღების 100%-ის უზრუნველყოფაა დაგეგმილი.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროგრამის მნიშვნელობაზე თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, ბაგა-ბაღების მართვის ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ყუფარაძემ ისაუბრეს.