დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსის შეხვდა.
შეხვედრაზე სოზარ სუბარმა ასტრიდ თორსის საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მდგომარეობა გააცნო. მინისტრის განცხადებით, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების სფეროში სარგებლობენ ისეთივე უფლებით, როგორც საქართველოს მოქალაქეები; მათთვის მოქმედებს ქართული ენის შესწავლის პროგრამა. ასევე, მათ აქვთ წვდომა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“. ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები იღებენ ყოველთვიურ შემწეობას.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლიდან სოფელ მარტყოფში ფუნქციონირებს 60 ადამიანზე გათვლილი თავშესაფრის მაძიებელთა მიღებისა და განთავსების ცენტრი. თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადიდან გამომდინარე კი, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, 70 ადამიანზე გათვლილი თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის ახალი კორპუსი აშენდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეპატრიაციასთან დაკავშირებით არსებულ ზოგად ვითარებაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო, „ყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმას.
შეხვედრის დასასრულს, ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის სოზარ სუბარს მადლობა გადაუხადა.