„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურის მეორე კონცერტს ამჯერად გორი უმასპინძლებს.
12 აპრილს, 19:00 საათზე, გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაყურებლის წინაშე წარდგებიან შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის ფესტივალის მონაწილეები - ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.
ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
მეორე ტურის პირველი კონცერტი 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც კახეთისა და ქვემო ქართლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შემდეგი კონცერტები გაიმართება 12 აპრილს (გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მონაწილეები); 20-21 მაისს (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი - იმერეთის, რაჭა-ლეჭხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაურის მონაწილეები); 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის მონაწილეები) და 30-31 მაისს ( ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის (ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები).
ფესტივალის ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები.
როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
„საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად, მონაწილეების წასახალისებლად... აქვე დავამატებთ, რომ ფესტივალი მხოლოდ ქართულ ფოლკლორს არ მოიცავს - ტრადიციული კულტურის წარმოჩენა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეეძლება. ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი პროექტია. ღონისძიება მოიცავს ტრადიციული ხელოვნების ყველა მიმართულებას: ხალხური სიმღერა, ქართული ტრადიციული გალობა, საკრავიერი მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება” - აღნიშნავს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.