ახალციხეში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

ახალციხეში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა  აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მერმა გია კოპაძემ,  ახალციხეში, დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

ახალციხეში, რუსთაველის ქ. N113 სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13-ერთოთახიანია, 35-ოროთახიანი და 18-სამოთახიანი.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებულ შენობაში სამოთახიანი ბინა მიიღო გულრიფშის რაიონიდან დევნილმა ბესიკ გვაზავამ,  მეუღლესა და სამ შვილთან ერთად.  ბესიკ გვაზავას ძმა სადაზვერვო ბატალიონში იბრძოდა და აფხაზეთის ომში დაიღუპა. რამდენიმე თვის წინ მეგობრების დახმარებით, ბესიკ გვაზავას ძმა და მამა აფხაზეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში დაკრძალეს.

გვაზავები  14 წელზე მეტია ახალციხეში ნაქირავებ სახლში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.  დღეს კი დევნილ ოჯახს ახალი სამოთახიანი ბინის გასაღები გადაეცა.