საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირველი ტური დასრულდა. მეორე ტურში გადასულია მხოლოდ ერთი, ავსტრიული კომპანია „ალფამედი“.
აღნიშნული ტენდერი შეეხება ბავშვთა ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ყოფილ ონკოლოგიურ ცენტრს და ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, შენობის სარემონტო სამუშაოებს, რეკონსტრუქციას, მშენებლობასა და უახლესი აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს. ამასთანავე, პერსონალის გადამზადება და ატესტაცია, პერსონალის განვითარების შესაბამისი პროგრამის მიხედვით განხორციელდება.
ტენდერის აუცილებლობის სიკითხს მეან–გინეკოლოგი თამარ ჭელოშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა რომ საავადმყოფოების რეკონსტრუქცია დროული და აუცილებელიც იყო.
„აღნიშნული სამი კლინიკის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციის გარდა, უნდა მოხდეს კადრების გადამზადებაც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდება ამ ფაქტს მივესალმები. კლინიკების რეკონსტრუქცია დროული და საჭირო კი არა, დაგვიანებულიც არის. თუ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება აღნიშნულ კლინიკებში სერვისებზე წვდომა, ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო კლინიკებს მოუწევთ კონკურენციის ფარგლებში ფასების დაწევა. ეს ხალხისთვისაც კარგი იქნება და ექიმებისთვისაც, ჩემი აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სწორი და დროული გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, - განაცხადა თამარ ჭელოშვილმა .