სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ინტერნეტპორტალ „ედიტორი.გე“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც სასჯელაღსრულების უწყებაში ტყავის სამეულებისა და სავარძლების შეძენას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილისა და უწყების მთავარი საზრუნავი არა საკუთარი ფუფუნება, როგორც პორტალის მასალაშია აღნიშნული, არამედ პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.
კახა კახიშვილის მინისტრობის პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროში საკუთარი კაბინეტის მოსაწყობად რაიმე სახის ავეჯის, სავარძლების თუ სხვა მსგავსი ინვენტარის შეძენაზე ტენდერი საერთოდ არ გამოცხადებულა. ელექტრონული ტენდერი, რომელზეც „ედიტორი.გე“-ს მასალაშია საუბარი, ჩატარებულია 2015 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში და მისი ღირებულება 144 ათასი ლარი იყო. ხოლო ავეჯი, რომელიც შეძენილ იქნა, განკუთვნილი იყო არა ფუფუნების გარემოს შესაქმნელად, არამედ პენიტენციური დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N2 ადმინისტრაციული შენობის აღჭურვისთვის, რომელიც მდებარეობს თბილისში, გორგასლის ქუჩაზე. შენობა, რომელშიც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა და შემდეგ სამინისტროს ნაწილი გადავიდა, გამოუსადეგარი იყო, პრაქტიკულად თავიდან აშენდა და დღეს იქ სამინისტროს 5 დეპარტამენტია განთავსებული. სწორედ ტენდერის შედეგად შეძენილ იქნა ამ შენობის აღჭურვისთვის საჭირო ინვენტარი, ჩვეულებრივი საოფისე სკამები, სავარძლები და სამეულები, რომელთა ნაწილი საკონფერენციო ოთახსა და სამუშაო ოთახებში განთავსდა. ნაწილით კი, მომარაგდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული პენიტენციური დაწესებულებები, სულ 15 დაწესებულება.
ამასთან, „ედიტორი.გე“-ს მასალაზე თანდართულ ფოტოებზე აღბეჭდილი ავეჯი არ შეესაბამება იმ ინვენტარს, რომელიც აღნიშნული ტენდერის შედეგად იქნა შეძენილი.
რაც შეეხება მასალაში მითითებულ ციფრს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ წლის დასაწყისიდან, ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში 500 000 ლარი დახარჯა მხოლოდ ავეჯის, ტყავის დივნების, სამეულების, ხელმძღვანელის სავარძლების და სხვა ინვენტარის შესაძენად, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სიცრუეა და ამ პერიოდში ჩატარებულ სხვადასხვა ტენდერებში სამინისტრომ ჯამში სულ 210 832 ლარი დახარჯა და ისიც არა მსგავსი ინვენტარის შესაძენად.
ნებისმიერი გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ჩრდილს აყენებს უწყების საქმიანობას, სასჯელაღსრულების სამინისტრო განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და იმ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სასიკეთო ცვლილებების გადაფარვის მცდელობას, რომელსაც სათანადო და დადებითი შეფასება უკვე მისცეს, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ ისე, საქართველოს მოქალაქეებმა.
სასჯელაღსრულების სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სამინისტროსთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და იგი ღიაა ყველა დაინტერსებულ პირთან თანამშრომლობისთვის. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს.