სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამწვანების აქცია დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გამწვანების აქცია დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „მწვანე მომავლის“ ფარგლებში გამწვანების აქცია პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო. აქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება. აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ვერცხილსფერი ნაძვის, ტირიფის, მარადმწვანე კვიდოს და თრიმლის ნერგები მსჯავრდებულებმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთანერთად, რუსთავის #5 ქალთა დაწესებულებაში და #16 დაბალი რისკის მქონე დაწესებულებაში დარგეს.

#5 ქალთა დაწესებულების დირექტორის განცხადებით, მსჯავრდებულები აქციას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ.

ნესტან ვერულაშვილი, #5 ქალთა დაწესებულების დირექტორი: „ძალიან კარგ აქციას ჩაეყარა საფუძველი. ქალ მსჯავრდებულებს ნამდვილად ესაჭიროებათ ასეთი სულიერი საზრდო და ესთეთიკური სილამაზე, რადგან ისინი საკმაოდ დიდ დროს ატარებენ დაწესებულების ეზოში. გარდა ამისა ფართობიც დიდია, რაც საშუალებას გვაძლევს გავალამაზოთ ინფრასტრუქტურა.“

#16 დაბალი რისკის დაწესებულების საგანმანათლებლო სექტორის მენეჯერი აღნიშნავს რომ მსჯავრდებულებთან ერთად ნერგებს თანამშრომლებიც მოუვლიან.

თამარ ლისიაკი, #16 დაბალი რისკის დაწესებულების საგანმანათლებლო სექტორის მენეჯერი: „#16 დაწესებულებაში გარემოს დაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოეწყო გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსჯავრდებულებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სასჯელაღსრულების სამინისტროს 815 ნერგი გადასცა საჩუქრად. აქციის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის ნერგები კიდევ შვიდ პენიტენციურ დაწესებულებაში დაირგვება.