„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წლევანდელი საზაფხულო სტაჟირების პროგრამით, 10 საუკეთესო ახალგაზრდა გამოვლინდა, რომელიც კომპანიაში დასაქმდება, რამდენიმე კი - ანაზღაურებადი სტაჟორის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას და პრატიკული ცოდნის შემდგომი გაღრმავების საშუალება მიეცემა.
ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კადრების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - სალომე ბაზერაშვილმა, დღეს, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს განუცხადა და მათ კომპანიაში ახლადდასაქმებული ის სტუდენტები წარუდგინა, რომლებიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტმა საუკეთესოდ მიიჩნია. კომპანიის სათავო ოფისში შეკრებილ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში იყვნენ ჩართულნი, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
საუკეთესო სტუდენტების დასაქმების გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღო. მათი გამოვლენა, პროგრამის მონაწილე 90 ახალგაზრდას შორის, მიღებული შედეგების ანალიზის მეთოდით მოხდა. საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ითანამშრომლა ვაკანსიათა ბაზრობა - „JOB FAIR“-თან, ასევე, ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლეობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულმა სტუდენტებმა სტაჟირების კურსი, ძირითადად, ტექნიკური მიმართულებით გაიარეს და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთნენ. მსგავსი აქციები, მოტივირებული ახალგაზრდების დაინტერესებასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მათ სამომავლო დასაქმებას შეუწყობს ხელს.