„როგორც მენეჯერი გულწრფელად ვაცხადებ, რომ პატრონი ნამდვილად გვჭირდება“

„როგორც მენეჯერი გულწრფელად ვაცხადებ, რომ პატრონი ნამდვილად გვჭირდება“

საქართველოში ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიზნით, სამი საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა, წინადადებები სულ სამმა კომპანიამ წარადგინა, საიდანაც ერთი ავსტრიული, ერთი კანადური და ერთი ქართული კომპანია იყო. თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და  ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე დიდი ინტერესი ავსტრიულმა კომპანიამ დაიმსახურა და სრული დოკუმენტაციაც ვადებში სწორედ მან წარმოადგინა. სულ მალე, მათი მმართველიც შესაძლოა ავსტრიული კომპანია გახდეს.

პროექტთან დაკავშირებით, აკადემიკოს ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორს ავთანდილ იმედაძეს ვესაუბრეთ:

„ჩვენ ყველანი ველოდებით საბოლოო შედეგებს. როგორც მენეჯერი გულწრფელად გეუბნებით, რომ ნამდვილად გვჭირდება პატრონი. სახელმწიფომ ამაზე ვალდებულება უნდა აიღოს. ამასთან, მიმაჩნია, რომ უცხოელი ინვესტორი არ უნდა ჩაერიოს, რადგან სახელმწიფომ თავის დროზე გააჟღერა, რომ ეს უნდა იყოს სახელმწიფო კლინიკა. თუმცა როგორც აპირებენ, რომ გარკვეული დროით უფრო გამოცდილი მმართველი ეყოლება ამ ჰოლდინგს, ეს იქნება მხოლოდ მისასალმებელი.“

ავთანდილ იმედაძეს განცხადებით, გადამზადება სჭირდება მთლიანად სამედიცინო სფეროს საქართველოში. „ეს არის ცალსახად გასაკეთებელი. რადგან ჩვენ უნდა გადავერთოთ ევროპულ სტანდარტებზე. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ევროპული გაიდლაინებით.  მიუნხენის ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიმყოფებოდი მათ გვკითხეს, თუ რა სახის დახმარება გვჭირდებოდა და აღნიშნეს, რომ მაგალითად, რუსეთში ითხოვეს აპარატურა, რადგან ექიმები შესაბამისი კვალიფიკაციის ყავდათ. ჩვენ აპარატურა ძალიან კარგი გვაქვს, თუმცა ზოგიერთ ექიმს ნამდვლად სჭირდება გადამზადება. ეს ყველას არ ეხება, რასაკვირველია.“

ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ  სააავადმყოფოში ინვესტიცია  2007 წელს განხორციელდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში აპარატურა მოძველდა და განახლებას საჭიროებს. „ამასთან, თუ რეკონსტრუქციას განახორციელებენ და ისეთ დარგებს განავითარებენ, რომელიც ჩვენთან არ არის განვითარებული, მისასალმებელი იქნება. საქართველოდან ხდება პაციენტების გადინება, ეს არის ონკოლოგიური დაავადებები, რადიაციული თერაპია და სხვა. მხოლოდ თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, წელიწადში მილიარდზე მეტი ფინანასები გადის ქვეყნიდან. ეს თანხა საქართველოში დარჩეს, უმჯობესია. ვაცხადებთ რომ პროფესიონალები ვართ,  მაგრამ პაციენტების დიდი ნაწილი  თურქეთში, გერმანიასა და ისრაელში გაედინება.“

საავადმყოფოს ხელმძღვანელი ტენდერის პირობებზეც საუბრობს და მიაჩნია: „სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ აღნიშნული საავადმყოფოები დარჩა. ერთადერთი კრიტერიუმი ტენდერში მონაწილეობისა და საავადმყოფოების შერჩევისას, სწორედ ეს იყო. კარგი იქნება, თუ შვეიცარიის, ან სხვა განვითარებული ქვეყნის მაგალითს ავიღებთ და ყველა სადარბაზოში არ გახსნება კლინიკა თუ რეანიმაცია. როდესაც არსებობს სახელმწიფო საავადმყოფო, ფასები რეგულირდება, კერძო კლინკები არსებული კონკურენციის პირობებში ცდილობენ მომსახურება არ გააძვირონ. ამიტომ, სახელმწიფო კლინიკის არსებობა დღეს აუცილებელია.“