კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, 13 ივნისის ღამიდან, გაძლიერებულ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც კომპანია თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში ახორციელებს.
მიმდინარეობს სამუშაოები მდ. ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩაზე გამავალ დაზიანებულ 900 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორზე, რომელიც 14 ივნისს ღამით, უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა ერთიანად მოგლიჯა ხიდ-აკვედუკთან და მიმდებარე ფერდობთან ერთად. იმ მიზნით, რომ პრობლემა არ შექმნოდა საგზაო სამუშაოების ჩატარებას და, ასევე, არ შეფერხებულიყო მიმდინარე სხვა სამუშაოებიც, კომპანიამ, დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმებით, დროებითი ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღო და დაზიანებული კოლექტორის ნაცვლად, მდინარე ვერესთან 140-მეტრიანი დროებითი საკანალიზაციო ქსელი მოაწყო, რაც შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი საინჟინრო გადაწყვეტილება იყო. ამჟამად, ფერდობებიდან გამომავალი ნაკადები საფრთხეს აღარ უქმნის ვერეს ხეობაში მოწყობილ დამბასა და იქ მიმდინარე სამუშაოებს. საგზაო და გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, ქსელი პირვანდელი სახით აღდგება.
დღეის მდგომარეობით, კომპანიამ უკვე აღადგინა სტიქიით დაზიანებული 5 მაგისტრალური მილდენი, ასევე ლიკვიდირებულია 200-ზე მეტი საშუალო და მცირე დაზიანება.
საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტებიც, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში წყალსადენის დაზიანებული ქსელების აღდგენის შემდეგ, წყლის ხარისხს ლაბორატორიულად იკვლევენ. სასმელი წყალი მოსახლეობას მხოლოდ სათანადო მონიტორინგის შემდეგ მიეწოდება.