გიორგი მღებრიშვილმა ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა

გიორგი მღებრიშვილმა ექთნებს პროფესიული დღე მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სისტემაში მომუშავე ექთნებს 12 მაისი -  ექთნის პროფესიული დღე მიულოცა და მათ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში უმასპინძლა.

მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ალესანდრო სავარისმა ექთნებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსი გაიარეს, სერთიფიკატები გადასცეს. გიორგი მღებრიშვილმა  სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე ყველა ექთანს დაუღალავი და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისი პროფესიონალიზმის წყალობით უამრავმა მსჯავრდებულმა შეინარჩუნა ჯანმრთელობა და ზოგჯერ-სიცოცხლეც. პენიტენციურ სისტემაში მუშაობა ძალიან რთულია და თქვენი პროფესიის ადამიანებს ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს.  ქართული პენიტენციური ჯანდაცვა თავისი მაღალი სტანდარტებით უკვე ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა და მიმაჩნია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის მთავარი რგოლი სწორედ თქვენ ხართ. ეს სერტიფიკატები არის ნიშანი იმისა, რომ პენიტენციურ ჯანდაცვას თქვენი სახით განახლებული ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალები შეემატება. თქვენ  ხართ პენიტენციური ჯანდაცვის მთავარი დასაყრდენი.” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

აღნიშნული კურსი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდა. პროგრამის ხელშეწყობით, 2014-2015 წლებში პროფესიული კვალიფიკაცია 145 ექთანმა აიმაღლა.

2015 წლის აპრილში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებულად გამოყენების უზრუნველსაყოფად, კურსდამთავრებული ექთნების საქმიანობის მონიტორინგი და ტრენინგები დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 17-24 მაისს საქართველოს ოქსფორდელი ექსპერტები ეწვევიან, რომლებიც  ექთნებს ფსიქიატრიული მიმართულებით ტრენინგებს ჩაუტარებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ.

სხვადასხვა ტიპის ტრენინგები და კურსები სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემას ევროპულ სტანდარტებს უახლოებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კიდევ უფრო ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოს ქმნის.