ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ოხრახუშთან ერთად. დავამატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი და ცოტა დაფქული კოწახური, კარგად გადავურიოთ.
ცეცხლზე გახურებულ შამფურებზე წამოვაგოთ წინასწარ გამზადებული გატარებული ხორცი, მოვათავსოთ მაყალზე და შევწვათ უალო ნაკვერჩხლებზე სრულ მზადყოფნამდე.
შეწვის დროს შამფურები მუდმივად ვატრიალოთ. ქაბაბი შეიძლება შეიწვას ცხიმიან ტაფაზეც. მზა ქაბაბს გამოვაცალოთ შამფური, დავდოთ თხელ ლავაშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, დაფქული კოწახური და ლავაში გადავახვიოთ.
შეიძლება ქაბაბი გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და დაფქული კოწახური, მაგიდასთან მივიტანოთ ლავაშით ან უიმისოდ.
ინგრედიენტები:
500 გრ ცხვრის (საქონლის) რბილი ხორცი, 1 კვერცხი, 4 თავი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, კოწახური, მარილი - გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებულია, მშრალი წითელი ღვინოები.