სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმის N3 სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და სისტემის თანამშრომლებს დაწესებულების ახალი დირექტორი წარუდგინა.
აღნიშნულ თანამდებობაზე კახაბერ გველესიანმა ალექსანდრე პეტროსიანი შეცვალა.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურ სისტემაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მაინც რჩება პრობლემები, რომელთა გადაჭრის სამოქმედო გეგმა სამინისტრომ უკვე შეიმუშავა.
„დღეს ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. საზოგადოებას წარვუდგინე დაწესებულების ახალი დირექტორი, რომელიც მოწოდებული იქნება, რათა დაწესებულება მართვის ახალ, დასავლურ სტანდარტებზე გადავიდეს, რაც ძლიერ სარეჟიმო პოლიტიკას და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის მაქსიმალურ გაძლიერებას გულისხმობს“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
ახალი დირექტორის წარდგენის შემდეგ, მინისტრი პატიმრებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.