დღეს „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში კაზრეთის კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ კიდევ ერთხელ მიმართეს საზოგადოებას და პოლიტიკოსებს:
„დაბა კაზრეთის მთელმა მოსახლეობამ იცის რა მდგომარეობა იყო თვეების განმავლობაში კომპანია „არემჯის“ გარშემო. წარმოება მინიმუმამდე იყო დასული და კომპანია, როგორღაც, თავისი დამატებითი ხარჯით და რესურსების მობილიზებით ახერხებდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ყველანი გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავით, არ ვიცოდით რა გველოდა ხვალ და როდემდე გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა.
საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე მოპოვებითი საქმიანობის გაგრძელებამ მთელ დაბას იმედი გაუჩინა, რომ ყველაზე რთული პეროდი გადავლახეთ და ხალხს ექნებოდა გარანტირებული სამუშაო და მეტი რამ გაკეთდებოდა დაბისთვის. მაგრამ სამწუხაროდ ხან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების და ხანაც გარემოს დაცვის საბაბით გაისმის მოწოდებები, რომ წარმოება უნდა გაჩერდეს.
თავის დროზე კაზრეთი სამთამადნო წარმოების გარშემო აშენდა, ყველანი მის საქმიანობაზე ვართ დამოკიდებული, შემოსავლის ერთადერთი წყაროც ეს არის და თუ რამე კეთდება, სპორტის, კულტურის და სოციალურ სფეროში მთლიანად ამ წარმოებაზეა დამოკიდებული. დაბაში მცირეწლოვნების და პენსიონრების ჩათვლით სულ 7300 მოსახლე ცხოვრობს და არემჯიში დასაქმებულია 3000, თითქმის მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობა. არის ოჯახები, სადაც რამდენიმე წევრი მუშაობს კომპანიაში. ამიტომ ამ წარმოების გაჩერება გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს კაზრეთსა და მთლიანად ბოლნისის რაიონს. კაზრეთში ყველაფერი გაჩერდება ჩვენ სფეროზე, კულტურასა და სპორტზე ლაპარაკი არაა, მოსახლოების დიდი ნაწილი იძულებული იქნება საერთოდ დატოვოს დაბა. ის ხალხი, ვინც წარმოების გაჩერებას ითხოვს ამაზე უნდა დაფიქრდეს. ათასობით ოჯახს ტოვებს სამუშაოს, შემოსავლის და ხვალინდელი დღის იმედის გარეშე. ვის აწყობს ეს? და რატომ თამაშობენ ეს ადამიანები ჩვენი ბედით? ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიკვეთა გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესები. ვინ არის ის ხალხი, ვინც ჩვენი სახელით ლაპარაკობს? უკვე იმაზეც გადავიდნენ, რომ ჩვენს უფლებების დაცვაზე დებენ თავს, ისე, რომ არც გვეკითხებიან რა არის ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი.
ყველას მოვუწოდებთ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, თუ თავიანთი ფინანსური ინტერესების დაასკმაყოფილებლად სხვა ადგილი და თემები ეძებონ! დაანებონ კაზრეთს თავი და მისცენ ადამიანებს მშვიდად საქმიანობის გაგრძელების საშუალება!“